ირაკლი კობახიძე კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა. მთავრობის მეთაური დიუსელდორფში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან ქართველ მაყურებელთან ერთად, სტადიონიდან უგულშემატკივრებს.
„მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა, კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას”,- მიმართა პრემიერმა ფეხბურთელებს.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან როლს და ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრი ფეხბურთელებს სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდება, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ნაკრებს სიტყვით მიმართა და ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.10:48
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 350 000 ლარის ოდენობით.
კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკში შესული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც. სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით: https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.