ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კიდევ ოთხ ქართულ სტარტაპს მიენიჭა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ოთხ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები Medimind, Kursi.ge, WisePay და SmarterFarm გახდნენ. სტარტაპები ეწევიან ინოვაციური და გლობალური პოტენციალის მქონე საქმიანობას.
Smarter Farm ავითარებს აგროტექნოლოგიურ, ციფრულ პლატფორმას, რომელიც მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. სტარტაპი ასევე ავითარებს პორტატულ მეტეო-სადგურებს, რომლებიც ადგილობრივი კლიმატის და გარემო პირობების მონიტორინგს ახორციელებს. ანალიტიკური ალგორითმების საშუალებით ხდება ვენახებში დაავადებების პროგნოზირება, მორწყვის საჭიროების იდენტიფიცირება და შეწამვლის ეფექტურობის განსაზღვრა. - www.agrolog.ge
Medimind ქმნის კლინიკებისთვის და სამედიცინო დაწესებულებებისთვის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების (EMR) ციფრულ სისტემას, რომელიც პაციენტის ისტორიას ინახავს ელექტრონულ ფორმატში და სპეციალიზებული AI მოდულების საშუალებით ახდენს მონაცემთა ანალიზსა და რეკომენდაციების გენერირებას. პლატფორმაში ინტეგრირებულია AI ასისტენტი, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას სამედიცინო გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე.
Kursi.ge ავითარებს სავალუტო კონვერტაციის სრულად ციფრულ პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს ვალუტის ონლაინ გადაცვლის შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის მიზანია ტრადიციული სავალუტო ოპერაციების ციფრული ტრანსფორმაცია. პლატფორმა ეფუძნება კურსის დადგენის AI-ზე დაფუძნებულ ავტომატურ ფუნქციონალს და ღია ბანკინგის მიდგომებს.
სხვა სიახლეები
გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
04.03.2026.10:51
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.