ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. მისი თქმით, 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია - საარჩევნო უბნებზე მივიდა 991 651 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ს შეადგენს.
„კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე.
რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებული ბრალდებები. კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ, რომ საჩივრების დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას და საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას“, -განაცხადა ნათია იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
07.11.2025.12:28
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში, სამწუხაროდ, ხშირია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის შემთხვევები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მსგავსი ფაქტების მაქსიმალური პრევენცია მოხდეს, - განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზემოთ ხსენებული დანაშაულებრივი შემთხვევის გამო ორი პირი დააკავეს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ, ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს 11 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7 000 აშშ დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა.
2025 წლის 6 ნოემბერს, მოთხოვნის შესაბამისად, 11 000 აშშ დოლარიდან მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა ააიპ ,,კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა, თუმცა ააიპ ,,კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა - მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ.
საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენასა და მათ შემდგომ აღკვეთას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს საკურორტო ზონებში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უკანონო მშენებლობების წარმოებას და მსგავს ქმედებებს - უარი თქვან დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებაზე და დაემორჩილონ კანონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ შეეგუონ მკაცრ სასჯელს“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.