ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ
საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგიდგენთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოთა - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიული სიების, ასევე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ.
არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.
რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2228 კანდიდატი, მათ შორის თბილისში - 160. საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია 32 .
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ. პოლიტიკურ გაერთიანებებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარედგინათ პარტიული სიები. ამასთან, მათ მიეცათ საშუალება მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დისტანციურად წარედგინათ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://cesko.ge/ge/archevnebi/2025
სხვა სიახლეები
23.09.2025.16:28
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს აეკრძალა პაემნის უფლება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით.
„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით. კერძოდ, ერთი ხანმოკლე პაემნის უფლებით მან ისარგებლა 2025 წლის პირველ სექტემბერს, ხოლო თვის განმავლობაში კუთვნილი მეორე ხანმოკლე პაემანი საკუთარი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეეცვალა სატელეფონო საუბრის უფლებით, პენიტენციური კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, ხანმოკლე პაემნით სარგებლობა 2025 წლის ოქტომბრამდე აღარ ეკუთვნის.
აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).
რაც შეეხება მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანს მინის გამყოფ ბარიერს მიღმა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური დაწესებულების დებულებით, ეს წესი მოქმედებს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებულისთვის.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში.