იმის გამო, რომ სიჭარბეა სწავლების ხანგრძლივობაში, კადრების მიმართულებით არასწორად არის განსაზღვრული პოლიტიკა, ხელოვნურად ყოფენ საგნებს, სალექციო ჯგუფებს, ამაზე იხარჯება ჭარბი სახელმწიფო რესურსი, ეს უნდა შეიცვალოს - პრემიერი
დღეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის კადრების დეფიციტი და არის მოთხოვნა შრომის ბაზარზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.
„ეკონომიკის ზრდასთან ერთად ეს პრობლემა გაიზრდება. ამ 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა ჩვენი ეკონომიკა დოლარში და მაგალითად, 2020, 2019, 2018 წელს თუ ბიზნესსექტორი მთავარ პრობლემად ასახელებდა სრულიად სხვა რამეს, მაგალითად წვდომის დეფიციტი ფინანსურ რესურსებზე და ა.შ. დღეს სამეულშია 2 მთავარი პრობლემა - სამუშაო ძალის დეფიციტი და კვალიფიციური კადრების დეფიციტი. არასდროს არ ფიქსირდებოდა 2021 წლამდე ეს პრობლემები ბიზნესსექტორის მიერ გამოვლენილ მთავარ პრობლემებს შორის. ეკონომიკა ვითარდება და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად განვითარდება შემდეგი წლების განმავლობაში და ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ თუ არ დავაწიეთ ამას განათლების რეფორმა, კიდევ უფრო მეტად იქნება აცდენილი ერთმანეთთან შრომის ბაზრის მოთხოვნები და უმაღლესი განათლების სისტემა. დღესაც არის არაერთი სექტორი, სადაც კომპანიებს უწევთ უცხოელი მუშახელის ჩამოყვანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილების ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამისთვის საჭიროა შესაბამისი ადამიანების მომზადება.
„ასევე, ჩვენი პროგრამის თანახმად და ეს აბსოლუტურად რეალურია, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, უმუშევრობის მაჩვენებელი ჩამოსცდეს 5%-ს რამდენიმე წელიწადში. ასეთ პირობებში, მუდმივად არის საჭირო შრომის ბაზრის შევსება ახალი კადრებით და რაც მეტი იქნება, მით უკეთესი.
ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სწავლების ხანგრძლივობის შემცირება ძალიან წაადგენა შრომის ბაზარს და შესაბამისად, ეკონომიკის სტიმულირებას. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ხანმოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს განათლებას. მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იურიდიული განათლების. სამართალში არის 20-მდე ძირითადი საგანი. ეს 20 საგანი რომ ასწავლო, არის საჭირო, დაახლოებით, 2 წელი, კრედიტების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. 2 წელიც არ არის საჭირო იმისათვის, რომ იურისტმა ბაკალავრიატის ეტაპზე გაიაროს ყველა ძირითადი საგანი. შემდეგ რჩება სპეციალიზაცია და არჩევითი საგნები და რჩება საკმარისი დრო იმისათვის, რომ სტუდენტმა გაიაროს 10-ზე მეტი საგანი, არჩევითი, სპეციალიზაციის მიხედვით. თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ეს არ არის საკმარისი ბაკალავრიატის დონეზე სათანადო კვალიფიკაციის იურისტის მოსამზადებლად, კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თუ სტუდენტი გაივლის 17-18 ძირითად საგანს და ზევიდან დაახლოებით 12 არჩევით საგანს, მომზადებული იქნება კვალიფიციური იურისტი ბაკალავრიატის დონეზე. იგივე ეხება მაგისტრატურასაც. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტული არგუმენტებით და ჩაღრმავებით. ზეპირად კი არ გვაქვს განსაზღვრული, რომ 3 ჯობია 4-ს ან 1 ჯობია 2-ს. კონკრეტულად საგნების დონეზე შეგვიძლია დაგისაბუთოთ, თუ რატომ არის სავსებით საკმაირის 3 წელი იმისათვის, რომ მოამზადო მაღალი კვალიფიკაციით იურისტი ბაკალავრი.
დღეს რა ხდება, ისევ სამართლის მაგალითს მოვიყვან. იმ მიმართულებაზე, სადაც მე ვასწავლი თსუ-ში, ხელოვნურად არის გაყოფილი საგანი 2 მიზეზის გამო, ერთი, რომ ხელოვნურად ზრდიან პროგრამის მოცულობას, საგნების რაოდენობას და მეორე - კონკრეტულად ჩემს მიმართულებაზე არის 6 სრული პროფესორი, 5 ასოცირებული და 1 ასისტენტ-პროფესორი. ხელოვნურად არის არასწორად გადანაწილებული. წესით უნდა იყოს პირიქით, ნებისმიერი ადამიანი დამიდასტურებს, რომ უნდა იყოს 1 სრული პროფესორი, 2 ან 3 ასოცირებული და 10 ასისტენტ-პროფესორი. მარტივი ციფრებითაც ჩანს, როგორი მახინჯი სისტემაა ჩამოყალიბებული, 6 სრული პროფესორი გვყავს , 5 ასოცირებული და 1 ასისტენტ-პროფესორი. შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა, პირიქით არის, 1 სრული, 2 ასოცირებული, 10 ასისტენტი იქნებოდა იდეალური. იმის გამო, რომ არის სიჭარბე სწავლების ხანგრძლივობაში, კადრების მიმართულებით არასწორად არის განსაზღვრული პოლიტიკა, ხელოვნურად ყოფენ საგნებს, სალექციო ჯგუფებს. ამაზე იხარჯება ჭარბი რესურსი, სახელმწიფოს რესურსი და ა.შ. ეს ხომ უნდა შეიცვალოს. გეუბნებით არგუმენტებით და თუ გაქვთ საპირისპირო არგუმენტები, მაშინ შეგვიძლია თქვენს არგუმენტებზეც ვიმსჯელოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას - ირაკლი კობახიძე
26.11.2025.17:37
უახლოეს მომავალში გვექნება ზოგადი განათლების კონცეფციის პრეზენტაციაც, დაახლოებით ერთ კვირაში განათლების მინისტრი წარადგენს ამ ხედვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა უყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე.
„რაც შეეხება ძირითად უპირატესობებს, რაც დაკავშირებულია 12 წლიდან 11-წლიანი სწავლების მოდელზე გადასვლასთან. როდესაც ამაზე მსჯელობა დავიწყეთ, კითხვა დავუსვი განათლების სპეციალისტებს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, არის თუ არა შესაძლებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა 11 წელიწადში. ამაზე საწინააღმდეგო პასუხი ვერ მივიღე, რეალურად დადასტურდა, რომ 11 წელიწადში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა არის შესაძლებელი. მცირე გადანაწილება დასჭირდება სასწავლო პროგრამას. ამის შემდეგ დაისვა მარტივი შეკითხვა, თუ ეს შესაძლებელია, რატომ უნდა ისწავლოს მოსწავლემ 12 წელიწადი, თუ შესაძლებელია 11 წელიწადში აითვისოს იგივე პროგრამა. უპირატესობა ხანგრძლივობის შემცირებას ბევრი აქვს. იგივე რომ ავიღოთ ეკონომიკური ეფექტი, აქაც დამატებით გემატება 30-40 ათასი სამუშაო ძალა, რაც ეკონომიკისთვის ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ვიცით, რა არის არსებული პრობლემა რეალურად, არათუ მეთორმეტე კლასში, მეთერთმეტე კლასშიც მოსწავლეები საერთოდ არ დადიან სკოლაში. აქ ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ბოლო კლასების პროგრამა საერთოდ არ არის თავსებადი მისაღები გამოცდების შინაარსთან, შესაბამისად, მოსწავლეს ურჩევნია, სკოლაში სიარულის ნაცვლად, მოემზადოს რეპეტიტორთან ან სახლში მოემზადოს და ჩააბაროს მისაღები გამოცდა უმაღლესი განათლების სისტემაში. ეს უნდა შეიცვალოს. ერთი, რომ გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე. ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ოპონენტებმა დაუპირისპირეს ამ გზავნილს, იყო ის, რომ 11-წლიანი სწავლების პირობებში მოსწავლეებს გაუჭირდებათ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის გაგრძელება.
"არავინ საუბრობდა იმაზე, საჭიროა თუ არა 12 წელიწადი, კარგია თუ არა არსებული სისტემა. ერთადერთი, რაც იყო, თუ 12 წელი არ ისწავლა ბავშვმა, საზღვარგარეთ ვერ წავა პირველი კურსიდან უნივერსიტეტში. ჩვენ გვაქვს მარტივი გადაწყვეტა, ეს არ არის მთავარი საკითხი, მთავარია, 11 ჯობია თუ 12 წელი, ამაზე არავინ არ საუბრობს. საუბარია, წავა თუ არ წავა საზღვარგარეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მიგრაციას ბევრი მინუსი აქვს, ვინაიდან როდესაც პირველი კურსიდან მიდის ბავშვი საზღვარგარეთ სასწავლებლად, უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში.
„ეს არის თითოეული მოსწავლისა და მშობლის არჩევანი. ამაში ჩვენ ვერ შევალთ, მაგრამ თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს. კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი საწავლო პროგრამა. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი, იმისათვის, რომ შემდეგ ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისათვის სპეცკლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში შეგვიძლია, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეცკლასები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. შესაბამისად, ჩანს, რომ მთლიანად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნური დაბრკოლების შექმნას ბავშვებისთვის. არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.