ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი - საქართველოში ირანის ელჩი
საქართველოში ირანის ელჩი, ალი მუჯანი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
დიპლომატის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი.
„რამდენიმე წუთის წინ ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს სულიერი წინამძღოლის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი; პიროვნება, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და გარდამავალი პერიოდის რთულ წლებში, სიბრძნითა და მოთმინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი კავშირების შენარჩუნებაში.
ირანელი ხალხისთვისაც მისი სახელი უკავშირდება რელიგიათაშორის და ცივილიზაციათაშორის მეგობრობასა და დიალოგს. მისმა ისტორიულმა ვიზიტმა ირანში და შეხვედრამ ირანის ისლამური რესპუბლიკის აწ მოწამებრივად აღსრულებულ სულიერ ლიდერთან, აიათოლა სეიედ ალი ხამენეისთან, აგრეთვე გულთბილმა შეხვედრებმა ირანში მცხოვრებ ქართველებთან, ორი ერის კულტურულ და სულიერ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაშალა; ფურცელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, რწმენასა და საერთო ადამიანურ მემკვიდრეობაზე.
ილია მეორე დარჩება საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში როგორც რწმენის, იდენტობისა და ურთიერთთანადგომის ხმა. ამ მძიმე დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მეგობარ ქართველ ერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და მის ყველა გულშემატკივარს. ვევედრები უზენაესს, რომ დიდი სულიერი წინამძღოლის სულს საუკუნო სასუფეველი დაუმკვიდროს“, - აღნიშნულია ელჩის მიერ გავრცელებულ წერილში.
სხვა სიახლეები
უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო l Georgian Airways
18.03.2026.12:16
ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” პატრიარქის გარდაცვალებას ეხმიამენა და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს და ისტორიულად გადამწყვეტ პერიოდში ჩაუდგა სათავეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და იქცა არა მხოლოდ სულიერ ლიდერად, არამედ ერის მამად, გამაერთიანებელ ძალად და იმედის სიმბოლოდ.
ილია II-ის ღვაწლით აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, აღდგა და აშენდა არაერთი ტაძარი და მონასტერი, განმტკიცდა სარწმუნოება და ქართული ეროვნულ-კულტურული იდენტობა.
მისი ინიციატივით დამკვიდრდა საყოველთაო ნათლობა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააკავშირა ეკლესიასთან და ერთმანეთთან.
ილია II იყო პატრიარქი, რომელსაც უპირობოდ უყვარდა თავისი ერი და ერი, თავის მხრივ, უსაზღვრო სიყვარულით პასუხობდა. მთელი საქართველო ლოცულობდა მისი ჯანმრთელობისთვის. უწმინდესის სიტყვა იყო ნუგეში, ხოლო მისი ლოცვა - ძალა და იმედი.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს.
უფალმა ნათელში დაამკვიდროს ჩვენი პატრიარქის უკვდავი სული.
ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობა.