იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ქვეყნის მასშტაბით იდეების კონკურსი „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა” ჩაატარა.
კონკურსის მიზანია მწვანე სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობა, საქართველოში კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების გენერირება და მდგრადი პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
მიღებული 18 იდეიდან, ოთხი საუკეთესო იდეის ავტორი ღონისძიების სპონსორებმა და პარტნიორებმა დააჯილდოვეს. მონაწილეებმა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, წარმოადგინეს იდეები, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაციას უფრო დაბალემისიან სექტორად.
იდების კონკურსი - „იდეათონი“ მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის „სტრატეგიული მზაობა საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განსახორციელებლად და კლიმატის მდგრადობის მისაღწევად” ფარგლებში გაიმართა.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.