გვაქვს დეფიციტი არქიტექტორების, ინჟინრების, მშენებლების ნაწილში, ეს ხარისხზეც აისახება ხოლმე - ირაკლი კობახიძე
განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნიკური დარგების განვითარებას, გვაქვს დეფიციტი არქიტექტორების, ინჟინრების, მშენებლების ნაწილში, ეს ხარისხზეც აისახება ხოლმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიზნის მიღწევას დასჭირდება წლები, თუმცა როდესაც სისტემა თვისებრივად გარდაიქმნება და ქვეყანას ეყოლება ახალი სისტემის პირველი გამოშვება სტუდენტებისა, შრომის ბაზარზე ხელშესახებ შედეგებზე საუბარი იქნება შესაძლებელი.
„საბოლოოდ მიზნების მიღწევას დასჭირდება წლები, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ტექნიკურ მიმართულებებს. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გადავაწყოთ სისტემა, თანდათანობით უნდა გავზარდოთ სწავლების ხარისხი და, საბოლოო ჯამში, როდესაც უკვე სისტემა თვისებრივად გარდაიქმნება და ახალი სისტემის პირობებში გვეყოლება პირველი გამოშვება სტუდენტების, იქ უკვე შეიძლება ვისაუბროთ ხელშესახებ შედეგზე, რომელიც უკვე შრომის ბაზარზე აისახება. ამას დასჭირდება რამდენიმე წელი. ტექნიკური მიმართულებებით გვაქვს განსაკუთრებული გამოწვევები და პრობლემები. ჩვენ გვაქვს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს საკმაოდ ხანგრძლივი და ფართო გამოცდილება, თუმცა პრიორიტეტები რაღაც ეტაპზე შეიცვალა 90-იანი წლებიდან და დღეს ეს უნივერსიტეტები უფრო მეტად არის კონცენტრირებული იურისტების, ეკონომისტების, ხანდახან თეოლოგების მომზადებაზე, ვიდრე ტექნიკური დარგის სპეციალისტების მომზადებაზე, რაც პრობლემას ქმნის ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის. გვაქვს დეფიციტი არქიტექტორების, ინჟინრების, მშენებლების ნაწილში, ეს ხარისხზეც აისახება ხოლმე. ამიტომ, ამ რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნიკური დარგების განვითარებას. შესაბამისი პრიორიტეტები იქნება ცალკე გამოკვეთილი რეფორმის განხორციელების პროცესში,"- განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
განათლების სისტემის რეფორმა ორ ფაზას გააერთიანებს - როგორია ვადები
26.11.2025.17:47
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის განხორციელების ეტაპები შეგვიძლია ორ ფაზად დავყოთ - პირველი ფაზა - მომავალი წლის სექტემბრამდე, მეორე ფაზა მოიცავს დაახლოებით 4-5-წლიან პერიოდს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი, რაც უნდა შესრულდეს მომავალ აკადემიურ წლამდე, სექტემბრამდე არის კანონმდებლობის გადახედვა, ასევე უახლოეს თვეებში უნდა დასრულდეს შრომის ბაზრის ანალიზი.
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, მომავალი წლის სექტემბრიდან და უკვე უნდა მომზადდეს ამისთვის პირობები, უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი, თუმცა მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, უკვე ჩაბარებული აქვს, გააგრძელებს სწავლას არსებული დაფინანსების მოდელით, საგრანტო მოდელით, მათი მდგომარეობა არ შეიცვლება და ყველა შეძლებს, დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა. როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეეხებათ მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში", - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება მეორე ფაზით გათვალისწინებულ ცვლილებებს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, 4 წელიწადში აბსოლუტურად მოსწრებადია ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ყველაზე შრომატევადი საქმეა და დროსაც მოითხოვს.
„გვინდა, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რუსთავს შორის და ქუთაისში და ვფიქრობთ, 4 წელიწადში, მაქსიმუმ 5 წელიწადში შესაძლებელია ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება, რა თქმა უნდა, ახლავე დაიწყება, მაგრამ ვფიქრობთ, შესაძლებელია, დასრულდეს 4 წელიწადში. 3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა ასევე 4 წელიწადში, თუმცა აქაც მანამდე დავიწყებთ სისტემის ცვლილებას. ხარისხის მართვის სისტემის მოწესრიგებას დრო დასჭირდება. აქაც აქედანვე არის მუშაობა დასაწყები, თუმცა თვისებრივად დასახვეწად 3-4 წელი იქნება საჭირო. რაც შეეხება პროგრამების დახვეწას და სახელმძღვანელოების შექმნას, აქაც, ვფიქრობთ, რომ 4-წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თვისებრივად კონკრეტული ამოცანების შესრულება და მიზნების მიღწევა. ამიტომ, ვადები შეგვიძლია ორ ფაზად დავყოთ. პირველი ფაზა - მომავალი წლის სექტემბრამდე, მეორე ფაზა მოიცავს დაახლოებით 4-5-წლიან პერიოდს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.