სხვა სიახლეები
ეკატერინე გალდავამ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
19.11.2026.17:38
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის გახსნით სესიაზე - „კონკურენცია და მომხმარებლის დაცვა სექტორულ ჭრილში - შედეგები, მიღწევები და გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მან საფინანსო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კონკურენციის რეგულირების კუთხით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით მუდმივად იხვეწება მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ხელს უწყობს საფინანსო სექტორში არსებული გარემოს გაუმჯობესებას. ფინანსურად მდგრადი და დაცული მომხმარებელი კი, თავის მხრივ, ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მოკლედ შეაჯამა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო 15 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და ისაუბრა მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებაზე, მომხმარებელთა ინფორმირების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ფინანსური თაღლითობის პრევენციის მიზნით დანერგილ დამატებით მოთხოვნებზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის გაძლიერებაზეც, რაც რისკების დროულად იდენტიფიცირებისა და მომხმარებელთა ინტერესების უკეთ დაცვის შესაძლებლობას ქმნის.
ეკატერინე გალდავამ ასევე მიმოიხილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ეროვნული ბანკის პრაქტიკული საქმიანობის შედეგები. მისი ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა 4 600-ზე მეტი მოთხოვნა განიხილა. ამასთან, მან ისაუბრა სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის სამწლიან საქმიანობაზე, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს საგადახდო მომსახურებებთან დაკავშირებული დავების უფასოდ, სწრაფად და ეფექტიანად განხილვის შესაძლებლობა აქვთ.
ვიცე-პრეზიდენტმა სამომავლო პრიორიტეტებს შორის მომხმარებელზე მორგებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარება, სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების სტანდარტიზება და მეწარმე ქალების ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობა დაასახელა.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნათია ჭყონიამ და კონკურენციის განყოფილების წარმომადგენელმა მარი ბასილაშვილმა.
ხვალინდელი პანელური დისკუსიის ფარგლებში, რომლის თემაა „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ურთიერთკავშირი: ფასების გამჭვირვალობა და ინფორმირებული არჩევანი სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე“, სებ-ის საგადახდო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე საგადახდო მომსახურების ტარიფების და დეპოზიტების განაკვეთების შედარების პლატფორმის პრეზენტაციას გამართავს.
კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი უწყებების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
კონფერენცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
წლევანდელი კონფერენცია საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.