გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ქარის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
სხვა სიახლეები
ღვინის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე წელს, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს
25.02.2026.11:50
ამერიკის შეერთებული შტატებში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები კომპანიებთან „Colangelo & Partners“ და „Glodow Nead Communication“ გააფორმა.
აღნიშნული კომპანიების ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიები განხორციელდება, რაც გულისხმობს: სხვადასხვა ქალაქში დეგუსტაცია-სემინარებს ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, მიზნობრივ სარეკლამო და მედია კამპანიებს; ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში მოეწყობა ღვინის ტურები; გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.
„Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე თითქმის 20 წელია ოპერირებს. აღნიშნულ კომპანიასთან ღვინის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.
კომპანიასთან „Glodow Nead Communication“ თანამშრომლობას სააგენტო მიმდინარე წლიდან იწყებს. „Glodow Nead Communication“ 1974 წელს კალიფორნიაში დაარსდა და ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პრემიალურ PR სააგენტოდ ითვლება, რომლის ძირითადი სერვისებია სტრატეგიული ბრენდინგი, PR, ბრენდის კონტენტის შექმნა და დამკვიდრება ყველა მნიშვნელოვანი მედია პლატფორმის საშუალებით.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. აშშ ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია ქართული ღვინისთვის. აქ ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ქართული ღვინის მაღალი ხარისხისა და მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.