გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური მონიტორინგი ჩაუტარდება
გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესი ესტაკადის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკურ შემოწმებას, მათი გამძლეობისა და ფუნქციონალურობის შეფასებას მოიცავს.
„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. განსაკუთრებული ადგილი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ქუჩების განახლება-რეაბილიტაციას უჭირავს. ასევე, ყურადღებას ვუთმობთ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას, შეცვლას. კრიტიკას ვერ უძლებს სხვადასხვა უბანში, ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამიტომ, სადაც შევდივართ სამუშაოებით, პირველ რიგში, მას ვაწესრიგებთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხსაც, რაც შესაბამისი სამსახურების მიერ პერიოდულად მოწმდება. მონიტორინგის მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები 19 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ პერიოდში, ღამის საათებში (02:00-დან 06:00-მდე) გმირთა მოედნის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით, სრულად შეიზღუდება. მსგავსი პროფილაქტიკური ღონისძიებები ხელს უწყობს პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
17.06.2025.15:43
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე და კომისიის წევრები, განახლებადი ენერგიების კომპანიების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებსა და შესაბამისად სემეკის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის პროექტზე, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლის ვალდებულებას.
ნეტოაღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი, რომლის განხორციელების ვალდებულება განპირობებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმით.
შიდა ბაზრების დირექტივა (Directive (EU)2019/944) ითვალისწინებს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის ვალდებულებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, სემეკს მიეცა უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვრიდან დაადგინოს ახალი მექანიზმი. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე განისაზღვრა, თუ რა პერიოდით ისარგებლებენ 2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები ნეტო აღრიცხვის სქემით.
ენერგეტიკული გაერთიანების მიერ სემეკისთვის მოცემული რეკომენდაციებისა და განმარტების შესაბამისად, ნეტო აღრიცხვისგან განსხვავებით, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ ქსელში გადაცემული ჭარბი ელექტროენერგია მომავალი მოხმარებისთვის, ნეტო დარიცხვა გულისხმობს ქსელში მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ცალკე-ცალკე აღრიცხვას. ნეტო დარიცხვის დროს, აქტიური მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია ფინანსურად ანაზღაურდება და კვტ/სთ ელექტროენერგია არ შეინახება კრედიტად მომავალი გამოყენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ აქტიური მომხმარებელი იღებს ანაზღაურებას გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის და ამასთანავე იხდის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას, როგორც ნებისმიერი სხვა საბოლოო მომხმარებელი.