გლობალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება არის გადახდების მომავლის ერთ-ერთი მთავარი გასაღები - ეკატერინე გალდავა
„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პანელზე, სახელწოდებით „საგადახდო სისტემების დაკავშირება: როგორ ხსნის ურთიერთთავსებადობა ფულის მოძრაობის მომავალს“ განიხილეს საგადახდო ბარიერების მოხსნის შესაძლებლობები ღია, ურთიერთთავსებადი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უზრუნველყოფენ ციფრული აქტივები ფულის შეუფერხებელ მოძრაობას პლატფორმებსა და საზღვრებს შორის და რა არის საჭირო გადახდების მომავლის ასაშენებლად.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ იზვან ალი, Nexus Global Payments-ის მრჩეველი და მახბუბა მუხამადიევა, Visa-ს კრიპტო გადაწყვეტილებების ხელმძღვანელი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საგადახდო სისტემების გაუმჯობესების აუცილებლობას და გლობალური ეკოსისტემის შექმნის საჭიროებას, სადაც მეტად იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის მყისიერი საგადახდო სისტემები.
როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის უნაღდო ანგარიშსწორების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია. მიმდინარეობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის(RTGS) განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის პროექტი. მისი შეფასებით, როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალური თანამშრომლობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. „გლობალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება არის გადახდების მომავლის ერთ-ერთი მთავარი გასაღები“, - აცხადებს ეკატერინე გალდავა.
პანელურ დისკუას მოდერატორობას უწევდა პატ პატელი-GFTN-ის ფორუმების აღმასრულებელი დირექტორი.
„თბილისის ფინანსური სამიტს“, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1 000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.
სხვა სიახლეები
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ GFTN - ის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
30.10.2025.15:21
„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პანელზე სახელწოდებით „შემდეგი ინოვაციური ციკლი ფინანსურ სერვისებში“ განიხილეს ცენტრალური ბანკების შესაძლებლობები და როლი, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ მათ ფინანსური სერვისების სექტორის კონკურენტუნარიანობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები როგორ ხედავენ ფინანსური ინფრასტრუქტურის მომავალს.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ არმენ ნურბეკიანი - სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილე, კლაუდიუ ნეგრეა - რუმინეთის ეროვნული ბანკის დირექტორის მოადგილე, ლინარდო მარტინჩევიჩი - ხორვატიის ეროვნული ბანკის მმართველის ოფისის მრჩეველი, იზვან ალი - Nexus Global Payments-ის მრჩეველი, ბობ უორდროპი - კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, სიდჰარტ შეტი - Finternet Labs-ის აღმასრულებელი დირექტორი, ,ჯაილს დიქსონი - Tether-ის მარეგულირებელი და სალიცენზიო საკითხების გლობალური ხელმძღვანელი, გიორგი ვახტანგიშვილი - საქართველოს ბანკის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელი, დმიტრი ბოჩაროვი - Pave Bank-ის რისკების მთავარი ოფიცერი და თანადამფუძნებელი.
ასევე, მხარეებმა განიხილეს მარეგულირებელი უწყებების და ცენტრალური ბანკების როლი, ფინანსური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის პროცესში და ტექნოლოგიების საფინანსო სექტორში ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.
ნინო ჯელაძემ ისაუბრა ქართულ გამოცდილებაზე, მათ შორის საქართველოს ცვალებად ფინანსურ ეკოსისტემაზე და ახალი ინსტიტუტების შექმნაზე, როგორიც არის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები და ფინტექ პლატფორმები.
ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის როლს, ფინანსური სტაბილურობისა და ფინანსური ინოვაციების დანერგვის პროცესში. ასევე, ისაუბრა სებ-ის გამოცდილებაზე ახალი ფინტექ მოთამაშეებისთვის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების საქმეში.
პანელურ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა პატ პატელი - GFTN-ის ფორუმების აღმასრულებელი დირექტორი.
„თბილისის ფინანსური სამიტი“, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1 000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ღონისძიებების სერიის შემადგენელი ნაწილია. GFTN - წამყვანი საერთაშორისო ქსელია ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში, საქართველო კი ამ ქსელის ნაწილი გახდა.