გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული კლუბის შეხვედრაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პერსპექტივებზე ისაუბრა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე თვინინგის პროექტის მხარდაჭერით დაფუძნებულ ენერგეტიკული კლუბის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს. შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა და თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა. მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის, დონორი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.
„ცნობილია, რომ როგორც ევროკავშირში, ისე რეგიონში აქტიურად განიხილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოს ერთიან ევროპულ ქსელთან დაკავშირების საკითხი. ევროკავშირი აღნიშნულს მიიჩნევს ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიცირებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად, რომლის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის ერთიან ელექტროენერგეტიკულ ბაზართან. ამჟამად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შედეგებიც წლის განმავლობაში გახდება ცნობილი. მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რაც ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტიან განხორციელებას,“- განაცხადა გიორგი ფანგანმა.
ენერგეტიკული კლუბის მიზანია ხელი შეეწყოს საქართველოში ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებას. კლუბის ფარგლებში დაგეგმილი რეგულარული შეხვედრები ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს, დარგის ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს შესაძლებლობას აძლევს იმსჯელონ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:56
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.
„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.