ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბრიუსელში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში, ბუნებრივი ღვინოების და ალკოჰოლიანი სასმელების მესამე გამოფენაზე „Atomic PIF” ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 30 მწარმოებლის პროდუქცია საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. გამოფენა-გაყიდვას ღვინის პროფესიონალები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები დაესწრნენ, რაც ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე ცნობადობის ზრდის და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების დამატებით შესაძლებლობაა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.06.2025.17:05
12-13 ივნისს, სტეფანწმინდაში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ, გაეროს განსახლების პროგრამის მხარდაჭერით (UN-Habitat), III საერთაშორისო ფორუმი გამართა. ფორმატი მთიანი დასახლებების პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული დიალოგისთვის ახალი პლატფორმის შექმნას ემსახურებოდა. მონაწილეებს ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის, ინსტრუმენტებისა და მიდგომების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.
ღონისძიება სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზურაბ წიკლაურმა გახსნა და ქვეყნის მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის სივრცითი და ურბანული დაგეგმვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლებები მოინახულეს და ორი დღის განმავლობაში, სამუშაო ფორმატში განიხილეს მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკა. ფორუმს მოდერაციას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე თინათინ ყოლბაია უწევდა. ექსპერტებმა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მაღალმთიან რეგიონებში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების მნიშვნელობის და მეთოდოლოგიის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ალპების კონვენციის საზოგადოების ქვეყნების გამოცდილებაზე.
ორდღიანი სამუშაოების შემდეგ სამოქმედო ღონისძიებათა გეგმა გაიწერა. გეგმამ პოლიტიკის დოკუმენტის სახე მიიღო. ის კორექტირებისთვის მუნიციპალიტეტებს დაეგზავნათ. საბოლოო დოკუმენტი გაეროს განსახლების პროგრამის ვებგვერდზე (UN-Habitat) გამოქვეყნდება.
მთიანი დასახლებები კლიმატის ცვლილებისა და უპრეცედენტო ურბანიზაციის ეპოქაში ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებს მიეკუთვნებიან. მყინვარების დნობის, დეპოპულაციისა და მასობრივი ტურიზმის კომბინირებული ეფექტები საფრთხეს უქმნის მთიანი დასახლებების საცხოვრებლად ვარგისიანობას. სათანადო დაგეგმარება კი გადამწყვეტ როლს თამაშობს მთიანი დასახლებების სწორად განვითარებასა და ღირსებული საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებაში. ასევე, უზრუნველყოფს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა, ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს. ჩამოყალიბდა ახალი პლატფორმა მთიანი დასახლებების პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული დიალოგისთვის.
ყაზბეგში გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაში ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და აკადემიური წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.