ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2025 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები მსოფლიოს 21 ქვეყანაში გაიმართა
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 21 ქვეყანაში 58 გამოფენა-ფესტივალსა და 322 დეგუსტაცია - სემინარზე. ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება - აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, პოლონეთი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ფინეთი, ბრაზილია, სომხეთი, კანადა, უზბეკეთი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გასულ წელს, უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში ჩატარდა 18 ღვინის ტური, ჯგუფების შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ექსპერტები, სომელიეები, იმპორტიორები, HORECA სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ, რომელთა მხრიდან მაღალი ინტერესი მოიძიეს ახალი პარტნიორების საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის კუთხით. ღვინის ტურები განხორციელდა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში გაიმართა ჯამში 32 ღონისძიება, მათ შორის, 30 გამოფენა-ფესტივალი და 2 კონკურსი; აღნიშნული ღონისძიებების გამართვის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის ტურიზმის პოტენციალის და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდის ხელშეწყობა.
მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, 9 ღვინის კომპანიამ, ჯამურად, 692.969 ლარი მიიღო. პროგრამის პირობების თანახმად, აღნიშნული კომპანიები მონაწილეობდნენ საერთაშორისო გამოფენა-ფესტივალებში, ქართული ღვინის წარდგენის სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებაში და აღნიშნული მარკეტინგული აქტივობების შედეგად, ექსპორტის მოცულობა გაზარდეს ამერიკის, ევროპის და აზიის ბაზრების მიმართულებით. მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ ის კომპანიები იღებენ, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.
ზემოთ აღნიშნული აქტივობები განხორციელდა „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 2025 წელს 17,4 მილიონ ლარს შეადგენდა.
სხვა სიახლეები
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს - გარემოს ეროვნული სააგენტო
12.01.2026.14:40
„13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის სახით, 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე - თოვა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.