GCCA - საქართველოში 2025 წლის მესამე კვარტალში 8353 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
GCCA-ი, 2025 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში დარეგისტრირებული კონცენტრაციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს - მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში 8353 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.
იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით - 8344 შემთხვევა, წილის მოცულობის გათვალისწინებით ან/და ტრანზაქციებში მონაწილე პირთა ერთობლივი წლიური შემოსავლების შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. 9 შემთხვევიდან 6 კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, რამაც შესაბამისი პირები სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა, ხოლო რაც შეეხება 3 შემთხვევას, სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც მხარეთა მიერ არ შესრულებულა. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიმართ სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო.
სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირები ჯარიმდებიან.
GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.
GCCA-ის მიერ 2025 წელს 18 872 კონცენტრაცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, 15 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა, 1 შეტყობინების შესწავლა კი მიმდინარე რეჟიმშია.
სხვა სიახლეები
17.10.2025.17:38
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ველორბოლა „თბილისის თასი" გაიმართება, რის გამოც 09:00 -დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საგზაო მონაკვეთში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.
ამასთანავე, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება - ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების, ხოლო შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით.
ხოლო, უკუმიმართულებით მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები მოხვდებიან - გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით.
შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მერაბ კოსტავას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს - მიხეილ ჯავახიშვილის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან კი დადგენილი სქემით განაგრძობს სვლას. უკუ მიმართულებისას მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, მერაბ კოსტავას ქუჩას კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.