GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აგვისტოს თვეში 9 მოვაჭრე 71 625 ლარამდე დაჯარიმდა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის აგვისტოს თვეში, სხვადასხვა სექტორში, 9 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში - 71 625 ლარამდე.
საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, GCCA-ის მიერ დაჯარიმდა: შპს „აიფონ ჯორჯია" - 30 774 ლარით; შპს „მოტიფი" - 33 927 ლარით; ფ/პ მზია გორდულაძე - 600 ლარით; შპს „ლეკი" - 2722 ლარით; ი/მ გიორგი ზაქარაძე - 600 ლარით; ფ/პ რევაზ კალაძე - 600 ლარით; ფ/პ ზურაბ ნამგალაძე - 1200 ლარით; ფ/პ ალექსანდრე ბარამიძე - 600 ლარით; შპს „კლინიკა ჰელსი და კომპანია" - 600 ლარით.
GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება მას შემდეგ იწყებს, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
ინფორმაციისთვის: 2025 წელს, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 49 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში - 105 000 ლარამდე.
სხვა სიახლეები
01.09.2025.17:46
2025 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება. პროგრამის პირობების თანახმად, მასში ჩართვას და შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის საქართველოს 164 მოქალაქე შემდეგი მიმართულებებებით:
• სამართალი
• ეკონომიკა
• ბიზნესის ადმინისტრირება
• მშენებლობა/ჰიდროტექნიკური მშენებლობა/სივრცითი დაგეგმარება /ურბანისტი/არქიტექტურა
• გეოლოგია/კარტოგრაფია
• ფიზიკა, ქიმია, რადიოფიზიკა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები
• მშენებელ-ინჟინერი, ინჟინერი, ავტოინჟინერი, ელექტროინჟინერი
• ენერგეტიკა
• ფინანსები/აუდიტი
• საერთაშორისო ურთიერთობები
• საჯარო მმართველობა
• ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობები
• კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
• ტრანსპორტი/ლოგისტიკა
• საზღვაო მიმართულება
• ჰიდროგრაფია
• ტურიზმის მიმართულება
• სოციალური მეცნიერებები
• პროგრამირება/IT მიმართულება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, www.hr.gov.ge -ის მეშვეობით.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს უფლებამოსილი კომისია.