GCCA-იმ „კამპას" უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ნატურალური წვენის წარმოების სექტორში, შპს „კამპას" უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინა.
საქმის განხილვისას, შესწავლილი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა, რომ მოვაჭრე თავისი ერთ-ერთი პროდუქტის („ალუბლისა და ბროწეულის წვენი 100%") ძირითადი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციას მომხმარებლებს შეცდომაში შემყვანი ფორმით აწვდის. კერძოდ, კონკრეტული წვენის შეფუთვის ძირითადი ვიზუალური ნაწილის მიხედვით, მის ძირითად შემადგენლობას ალუბლისა და ბროწეულის აღდგენილი კონცენტრირებული წვენი წარმოადგენს, ხოლო იმავე შეფუთვის უკანა მხარეს - წვრილი ასოებით მითითებულია, რომ წვენში 80%-ის მოცულობით არის ვაშლის კონცენტრირებული წვენი, ხოლო ალუბლისა და ბროწეულის წვენები მხოლოდ 10-10%.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი ადგენს ინფორმირებული მომხმარებლის მაღალ სტანდარტს, ვინაიდან მომხმარებელმა სწორედ მოვაჭრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მიიღოს გააზრებული და მისი ნების შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააგენტოს პოზიციით, აღნიშნული საქმის შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ხარისხი განსაკუთრებული ინტენსივობით ხასიათდება. შპს „კამპას" მიერ წვენის შეფუთვის ფორმაში იკვეთება მომხმარებლისთვის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდება, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებლის უფლებების შესახებ კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ეფექტის მაქსიმალური გამორიცხვით, შეცვალოს კონკრეტული წვენის ეტიკეტირება და მომხმარებელს პროდუქციის შესახებ - საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი, სრული ინფორმაცია.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს
16.04.2026.16:38
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ ტრენინგკურსს „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს სექტორის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
კურსი შემუშავებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის გუნდის მიერ და პასუხობს თანამედროვე ენერგეტიკული სექტორის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. პროგრამა აერთიანებს საკანონმდებლო, ეკონომიკურ და ტექნიკურ კომპონენტებს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ელექტროენერგეტიკის რეგულირების შესახებ მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა.
სასწავლო კურსი განკუთვნილია ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც მუშაობს ან გეგმავს საქმიანობას ელექტროენერგეტიკის მართვისა და რეგულირების მიმართულებით.
პროგრამა ასევე მოიცავს ევროპული მარეგულირებელი პრაქტიკებისა და ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის ძირითადი პრინციპების გაცნობას.
ტრენინგებს ჩაატარებენ ენერგეტიკის სექტორის გამოცდილი სპეციალისტები. კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრაქტიკული გზამკვლევი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი, ხოლო ტრენინგკურსი 18 მაისს დაიწყება.
კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე:https://bit.ly/3OJekiL