GCCA-იმ ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადგინა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში, ი/მ გიორგი ბასილიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის - უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
GCCA-ის მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრემ მანქანის გარბენის (ოდომეტრის) შესახებ ინფორმაცია - 190 952 კმ-დან 55 000 კმ-მდე შეამცირა/შეცვალა. შესაბამისად, ნივთის შეძენის დროს, მოვაჭრემ მომხმარებელს არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტომობილის შეძენისას, მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მანქანის გარბენის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ავტომობილის ცვეთის, ტექნიკური მდგომარეობის და ღირებულების განსაზღვრისას. კერძოდ, დაბალი გარბენის შემთხვევაში ფასი იზრდება, ხოლო მაღალის შემთხვევაში მცირდება. ასევე, მაღალი გარბენი ნიშნავს, რომ მანქანამ უფრო მეტად განიცადა ცვეთა და შეიძლება სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდეს.
GCCA-ის პოზიციით, გარბენი არის ფასის განმსაზღვრელი მთავარი კრიტერიუმი და წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, ხოლო ოდომეტრის მონაცემების უზუსტობით ან დამალვით ირღვევა ინფორმირებული მომხმარებლის სტანდარტი, სახელშეკრულებო პირობები, სამართლებრივი მოლოდინები და კანონმდებლობის მიხედვით იდენტიფიცირდება როგორც შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობად. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის ვალდებულებაა - უზრუნველყოს მომხმარებელთა სრული ინფორმირება ოდომეტრის შესახებ მკაფიოდ, გამჭვირვალედ და სრულყოფილად.
სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების საფუძველზე, მომხმარებელი ფასის პროპორციულ შემცირებას ითხოვს, რაც GCCA-ის შეფასებით ლეგიტიმურია და მოვაჭრის მიერ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მოვაჭრეს განესაზღვრა - 1 თვის ვადა, რათა მომხმარებლის დარღვეული უფლებები აღადგინოს და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი აღმოფხვრას.
სხვა სიახლეები
ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
12.11.2026.18:40
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში აღდგა ღვარცოფის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთი, აშენდა ახალი საფეხმავლო ხიდი და მოეწყო ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა.
ძლიერი ღვარცოფის შედეგად დაზიანებული იყო მდინარის ორივე სანაპიროზე არსებული ნაპირსამაგრი კედლები, გზის სავალი ნაწილი და ავტობუსის მოსაცდელი. ასევე დაზიანებული იყო ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საფეხმავლო ხიდი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აშენდა ახალი ერთმალიანი საფეხმავლო ხიდი, მოეწყო რკინაბეტონის ნაპირსამაგრი და ნაკადჩამქრობი კედლები, უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. ასევე აღდგა გზის ასფალტბეტონის საფარი, მოეწყო ტროტუარი და ახალი ავტობუსის მოსაცდელი.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღდგა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 862 630 ლარი შეადგინა.
განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, ისე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ვიზიტორებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებას.