გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.
ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავამ წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერა
18.11.2026.18:01
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის, ესპანეთის, დანიისა და სლოვაკეთის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, საერთაშორისო პავილიონები დაათვალიერა.
საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილია ქვეყნების ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორის მიღწევები, ინოვაციური პროდუქტები და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტები. ცენტრალური ბანკირები გაეცნენ მონაწილე ქვეყნების გამოცდილებას, ფინანსური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებებსა და სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებს.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალი მსოფლიოს 142 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. სამდღიან მასშტაბურ ღონისძიებაში 940-ზე მეტი სპიკერი, ასევე ცენტრალური ბანკების, მარეგულირებელი უწყებებისა და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის პავილიონით არის წარმოდგენილი, რომელმაც ქართულ საფინანსო და ფინტექ სექტორის წარმომადგენლებს მოუყარა თავი. საქართველოს პავილიონში ქართული ფინანსური და ფინტექკომპანიები საკუთარ საქმიანობას, პროდუქტებსა და მომსახურებას საერთაშორისო სტუმრებს აცნობენ. პავილიონის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, უშუალოდ გაეცნონ ქართულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ინოვაციებს, მიიღონ ინფორმაცია კომპანიების საქმიანობის შესახებ და დაამყარონ პირდაპირი საქმიანი კონტაქტები მათ წარმომადგენლებთან. საქართველოს მონაწილეობა ხელს უწყობს ქვეყნის ფინანსური და ფინტექეკოსისტემის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას, ქართული კომპანიების ცნობადობის ზრდასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.
„ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თვალსაზრისით, საქართველო მართლაც მიმზიდველია და მნიშვნელოვანია, რომ სინგაპურში წარმოდგენილი ვართ ქართულ ბანკებთან და ფინტექ კომპანიებთან ერთად. ფინტექ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, მათ შორის გამოვყოფდი სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან შეხვედრას, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე. საქართველოს საფინანსო სექტორში ჩვენ უკვე გვაქვს სინგაპურული ინვესტიციები და ვფიქრობ, ეს ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი მიზანია უფრო მეტი კომპანია და ინოვაცია მოვიზიდოთ საფინანსო სექტორში. სწორედ ამ მიზნით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა წამყვანი ინოვაციური კომპანიის და ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელებთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალის მასშტაბი და საერთაშორისო წარმომადგენლობა განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის ფინანსური მარეგულირებლებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსექტივების განსახილველად.
ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფესტივალის საქმიანი შეხვედრების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად 20 000-ზე მეტი წინასწარ დაგეგმილი საქმიანი მოლაპარაკება იმართება. პროგრამა ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებისა და საქმიანი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობასაც აძლევს.