გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის ტექნოპარკში გარემოსდაცვითმიმართულებებზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის პედაგოგები, სკოლის დირექტორები და მოსწავლეები. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ნარჩენების მართვისა და პლასტიკის მოხმარების შემცირების მნიშვნელობის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცათ ცენტრის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო ლიტერატურა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
„ცენტრის მიერ შემუშავებული მასალები ახალგაზრდებს ცოდნას გაუღრმავებს და გარემოსდაცვითი ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. მსგავსი შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
30.12.2025.13:03
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 2026 წლის 1-2 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
ქ. თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,+2, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5,-7, დღისით 0,-2 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8,-10, დღისით -3,-5 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, შიდა ქართლში -7,-9, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5 დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10, -12, დღისით 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13 ,-15 დღისით -3,-5 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.