გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრების ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ. გაიმართა ლექცია-სემინარები პლასტმასის მოხმარების შემცირების, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებზე. შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და საკითხების უკეთ გააზრებას შეუწყო ხელი.
„ჩვენი მიზანია, გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი ყველა ბავშვისთვის, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოწყვლად თემებს, რათა თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს განვითარების და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების რეალური შესაძლებლობა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები უკვე ჩატარდა დაახლოებით 90-მდე სკოლაში. ინიციატივა აქტიურად გრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა იაპონიის სამ ქალაქში გაიმართება
07.04.2026.11:01
იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილს ქართული ღვინის დეგუსტაციები და სემინარები, ე.წ. „Road Show“ გაიმართება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული ღონისძიებები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეხვდნენ პოტენციურ იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებს და ღვინის ექსპერტებს.
მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები კომპანიებს საშუალებას აძლევს, წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და იაპონელ მომხმარებლებს გააცნონ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, უნიკალური ყურძნის ჯიშები და მეღვინეობის ტრადიციები, რომლებიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს აღნიშნულ ბაზარზე ექსპორტირებული იყო 200 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც 42%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნით და ავთენტური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. სწორედ ამ კონტექსტში ქართული ღვინო, თავისი მრავალფეროვანი გემოებით და ტრადიციული წარმოების მეთოდებით, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას იძენს.