გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოცხდახუთ საჯარო სკოლებში გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ სამუშაოებსა და ჯგუფურ დავალებებს; გაიმართა დისკუსიებიც, რამაც მოსწავლეთა მაღალი ინტერესი და მოტივაცია გამოავლინა გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ნარჩენების მართვის, პლასტიკის გარემოზე ზემოქმედების, ეკოკლუბების მნიშვნელობისა და დეფიციტური პროფესიების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის წახალისებას.
შეხვედრები ჩატარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის, პატარა ჩაილურის, ბადიაურის, ყანდაურის, მზისგულის, შიბლიანის, დუზაგრამის, ლამბალოს, იორმუღანლოს, მუღანლოს, უჯარმის, კოჭბანისა და გომბორის საჯარო სკოლებში; ასევე, რევაზ ინანიშვილის სახელობის სოფელ ხაშმის, გიორგი ლეონიძის სახელობის სოფელ პატარძეულის, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის სოფელ თოხლიაურის, სოფელ დიდი ჩაილურის, ქალაქ საგარეჯოს N1, ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს N2, ქალაქ საგარეჯოს N3, ქალაქ საგარეჯოს N4, სოფელ მანავის, წყაროსთავის, ნინოწმინდისა და გიორგიწმინდის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
საერთო ჯამში, შეხვედრებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დაახლოებით 400 მოსწავლე მოიცვა. ღონისძიებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სამომავლო გარემოსდაცვით პროცესებში.
სხვა სიახლეები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
04.02.2026.12:44
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას განცხადებით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები არ განხორციელებულა.
„ცვლილებების თანახმად, აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა. ასევე, ზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით განახორციელონ ის პროგრამები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არ იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.