გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში, უმეტესად ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში უმეტესად ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. რაც შეეხება დედაქალაქს, ძირითადად მზიანი ამინდი იქნება.
„დღეს, საქართველოს მასშტაბით, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იგივე ამინდი ნარჩუნდება ხვალისთვისაც. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში იქნება 28-33 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში იქნება 33-38 გრადუსი. თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი ორი დღის განმავლობაში. აქ ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს“, - განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.17:34
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო შეიქმნა.
საბჭოს შექმნის შესახებ ახალ დადგენილებას საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი უხელმძღვანელებს.
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე სისტემურ მუშაობას ისახავს მიზნად და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინაციას შეუწყობს ხელს.
საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონს, „ბავშვთა უფლებების კოდექსს“ ეფუძნება და საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად წარმართავს“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა.
საბჭოს მთავარი მიზანი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა, საჭიროებების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგი, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე საბჭო საკრებულოს წევრებისგან, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან, საჭიროების შემთხვევაში კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტებისგან შედგება.