განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტზე მუშაობა იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის მიზანია სარეკრეაციო სივრცის სრულად განახლება და მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლის მოწყობა.
ტერიტორიაზე, რომელიც 66.5 ჰექტარს მოიცავს, უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის.
დაგეგმილია სანაპირო ზოლის რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაყოფა: მოეწყობა საბავშვო სათამაშო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, სპორტული მოედნები, სავარჯიშო და რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები.
ტერიტორიაზე საპარკინგე ზონა საერთო ლანდშაფტური გადაწყვეტის შესაბამისად განთავსდება.
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული ნაწილი მოიცავს როგორც ახალი ნაგებობების აშენებას, ისე არსებულის რეაბილიტაციას. დაგეგმილია ღია სცენის, დეკორატიული ტბის, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს კომერციული, შემეცნებითი სივრცეების შექმნას, პერგოლების, ადაპტირებული საზოგადოებრივი სანიტარული კვანძების, ღია საშხაპეებისა და შადრევნების მოწყობას.
ამასთან, პროექტი მოიცავს გარე განათების, სარწყავი ქსელის, ელექტრო და წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას.
პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას. გათვალისწინებულია ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეული სახეობებით გამწვანება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების სეპარაცია და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესაძლებლობა.
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების შედეგად შეიქმნება უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი გარემო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები კომფორტულ დასვენებას და სოციალიზაციას შეძლებენ.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
22.08.2025.14:42
გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკების გარკვეულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც დასახლებაშიშესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების სრულად ამოქმედება.
23 აგვისტოდან რეაბილიტირებულ ქუჩებზე მიკროავტობუსები იმოძრავებენშემდეგი მარშრუტებით:
№467– მოემსახურება ნეკრესის, დაისის და ბორჯომის ქუჩების მცხოვრებლებს და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან, კერძოდ, გობრონიძის ქუჩასთანდააკავშირებს;
№499– მგზავრებს გურიის, იაკობის, ტაძრისა და ბორჯომის ქუჩებიდან მიიყვანს „ახმეტელის თეატრთან“, გობრონიძის ქუჩაზე. აღნიშნული მიკროავტობუსი რეაბილიტაციის შემდეგ მოემსახურება რაჭის ქუჩის მოსახლეობასაც;
№461-ის მარშრუტი, რომელი ამჟამად ემსახურება საზანოს, 26 მაისის და ზნაკვის ქუჩებს ვარდისუბნის ქუჩის კვეთამდე, ახალი სქემით ვარდისუბნის ქუჩის ბოლომდეგაგრძელდება;
№500– მოემსახურება მარატ ნოზაძის, გამარჯვების, გურიის და გრემის ქუჩებს იაკობის ქუჩის გადაკვეთამდე და მგზავრებს დააკავშირებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩასთან.
ახალი მარშრუტების ამოქმედებით ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითად სატრანსპორტო კვანძთან დაკავშირებასდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელით სარგებლობასუფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად შეძლებენ.