განათლების სისტემაში გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა - ირაკლი კობახიძე
განათლების სისტემაში გვაქვს არასახარბიელო მდგომარეობა, გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ ჩვენ შედეგად მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც მიღწევადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოთხ წელიწადში შესაძლებელია თვისებრივი ცვლილების მიღწევა ქვეყანაში და ეს არის განათლების რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა.
„დღეს განათლების სისტემაში გვაქვს არასახარბიელო მდგომარეობა. დონე შორს არის დამაკმაყოფილებლისგან, აქედან გამომდინარე, გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ ჩვენ შედეგად მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც მიღწევადია. თვისებრივი დაახლოება განვითარებული ქვეყნების სისტემებთან არის შესაძლებელი, თუნდაც 4-წლიან პერიოდში, ინფრასტრუქტურით, სწავლების შინაარსით, სასწავლო პროგრამებით, საკადრო პოლიტიკით. შეგვიძლია 4 წელიწადში მივაღწიოთ თვისებრივ ცვლილებას ქვეყანაში და ეს არის ამ რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა. განათლებული საზოგადოება ნიშნავს განვითარებას ყველა მიმართულებით. ეს ნიშნავს ეკონომიკურ გაძლიერებას, სოციალური მიმართულებით განვითარებას, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას და გამყარებას. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ზრუნვა ჩვენს საზოგადოებაზე, მომავალ თაობაზე, მათ განათლებაზე და სწორედ ეს არის მთავარი საფუძველი, რომელმაც მიგვიყვანა კონცეფციამდე, რომელიც საზოგადოების წინაშე წარვადგინეთ", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
26.11.2025.17:29
ჩვენი მიდგომით, თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, სადაც ჯამში სტუდენტების ნახევარზე მეტი მიიღებს განათლებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამასთან ერთად შესაძლებელია ქუთაისის განვითარება მეორე კერად და რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება.
„რაც შეეხება სტუდენტების თბილისში კონცენტრაციას, აქ ასეთი ციტატა უნდა გავიხსენო - „სტუდენტები ფეხებში გვედებიან" - ჩვენ ასე არ ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე. ეს არ არის ჩვენი ციტატა, ეს ჩვენ არ გვითქვამს. არა მარტო არ გვითქვამს, არც ვფიქრობთ ასე. რაც შეეხება თბილისს, კვლავაც თბილისი უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. უბრალოდ, ვფიქრობთ, ამასთან ერთად შესაძლებელია ქუთაისის განვითარება მეორე კერად და ამასთანავე რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება ისე, რომ მეტად გადანაწილდეს სტუდენტების რაოდენობა რეგიონულ ჭრილში. ჩვენი მიდგომით, თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, სადაც ჯამში სტუდენტების ნახევარზე მეტი მიიღებს განათლებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება სოხუმის უნივერსიტეტს, ირაკლი კობახიძის თქმით, ბუნებრივია, ის სტატუსს შეინარჩუნებს, მათ შორის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, თუმცა კონკრეტულად როგორ და რა ფორმით შეეხება ეს რეფორმა, ამაზე მსჯელობა შედგება უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.