ფინანსთა სამინისტროში სერტიფიცირებული შიდა აუდიტორების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საჯარო სექტორში პირველი სერტიფიცირებული შიდა აუდიტორების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ფინანსთა სამინისტროში. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიული ჭკუასელმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ.
სერტიფიცირების ეროვნული პროგრამის შემუშავების მიმართულებით მუშაობა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა (ჰარმონიზაციის ცენტრი) პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად 2020 წელს დაიწყო.
დონორების მხარდაჭერით სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადდა 3 პილოტური ჯგუფი, რომლის წევრები იყვნენ შიდა აუდიტორები, როგორც ცენტრალური სამინისტროებიდან, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის სუბიექტებიდან.
გადამზადების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა 31 შიდა აუდიტორს.
საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის მიზანია, შიდა აუდიტორის პოზიციაზე დასაქმებული ან/და დასაქმების მსურველი კანდიდატების კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს შიდა აუდიტის ფუნქციის გაძლიერებას. შედეგად, გაზრდის მისი, როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური მარწმუნებლის როლს დაწესებულებაში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სერტიფიცირების პროგრამა შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტთან და ამავდროულად, პასუხობს ადგილობრივ საჭიროებას და ფარავს ყველა იმ გამოწვევას თუ გაუმჯობესების შესაძლებლობას, რაც ხარისხის გარე შეფასებების პროცესში იდენტიფიცირებულია ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ.
ღონისძიებას დაესწრნენ ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრების მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, შიდა აუდიტის უფროსები, ტრენერები.
დღის ტოპ 10 სიახლე
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
სხვა სიახლეები
აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები - კომუნიკაციების კომისია
06.03.2026.15:33
კომუნიკაციების კომისია ტელემაუწყებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„კომუნიკაციების კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი, დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, პასუხისმგებელია უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სტაბილური მედიაგარემო საქართველოში. გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი არავის შემოუტანია.
საქართველოში მოქმედებს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და კომისიის მიერ დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომლებიც პროგრამების შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისით გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობას ეფუძნება და მედიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს შეესატყვისება. აღნიშნული აქტები კომუნიკაციების კომისიას მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას ანიჭებს. რაც შეეხება მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხს, მიუხედავად კანონის არსებობისა, კომისია თითქმის ერთი წელია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიღებულიყო სწორი და დაბალანსებული მედიაპრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, დღევანდელმა მოცემულობამ კი საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ.
კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობით, რათა დაიცვას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, სამართლიანი კონკურენცია, გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი საქართველოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.