ფინანსთა სამინისტროში სერტიფიცირებული შიდა აუდიტორების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საჯარო სექტორში პირველი სერტიფიცირებული შიდა აუდიტორების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ფინანსთა სამინისტროში. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიული ჭკუასელმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ.
სერტიფიცირების ეროვნული პროგრამის შემუშავების მიმართულებით მუშაობა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა (ჰარმონიზაციის ცენტრი) პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად 2020 წელს დაიწყო.
დონორების მხარდაჭერით სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადდა 3 პილოტური ჯგუფი, რომლის წევრები იყვნენ შიდა აუდიტორები, როგორც ცენტრალური სამინისტროებიდან, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის სუბიექტებიდან.
გადამზადების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა 31 შიდა აუდიტორს.
საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის მიზანია, შიდა აუდიტორის პოზიციაზე დასაქმებული ან/და დასაქმების მსურველი კანდიდატების კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს შიდა აუდიტის ფუნქციის გაძლიერებას. შედეგად, გაზრდის მისი, როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური მარწმუნებლის როლს დაწესებულებაში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სერტიფიცირების პროგრამა შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტთან და ამავდროულად, პასუხობს ადგილობრივ საჭიროებას და ფარავს ყველა იმ გამოწვევას თუ გაუმჯობესების შესაძლებლობას, რაც ხარისხის გარე შეფასებების პროცესში იდენტიფიცირებულია ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ.
ღონისძიებას დაესწრნენ ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრების მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, შიდა აუდიტის უფროსები, ტრენერები.
სხვა სიახლეები
საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO
13.02.2026.10:15
UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერებისა და ციფრული კომპეტენციების დეპარტამენტმა განახორციელა კვლევა „მედია და ინფორმაციული წიგნიერება ყველასთვის: ხარვეზების აღმოფხვრა“, რომელიც მიზნად ისახავდა 194 ქვეყანაში ფორმალურ განათლებაში მედია და ინფორმაციული წიგნიერების დანერგვისა და მედიაწიგნიერების ეროვნული პოლიტიკის თვალსაზრისით არსებული გარემოს შეფასებას.
კვლევის თანახმად, ზოგად განათლებაში მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლების ინტეგრირებული მიდგომა, 194 ქვეყნიდან 75 ქვეყანაშია დანერგილი, რაც გულისხმობს მედიაწიგნიერების სწავლებას ისეთ საგნებთან ერთად, როგორებიცაა სამოქალაქო განათლება, ისტორია, ენები და მათემატიკა. საგულისხმოა, რომ საქართველოში განათლების ზოგად საფეხურზე ეს პრაქტიკაც ფართოდაა დანერგილი, შესაბამისად, საქართველო აღნიშნულ 75 ქვეყანას შორისაც მოხვდა.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მედიაწიგნიერება ინტეგრირებულია ზოგად განათლებაში, საგანი უმეტესად სკოლის დაწყებით საფეხურებზე ისწავლება. ამასთან, ანგარიში ადასტურებს იმასაც, რომ გაზრდილი ციფრული ავტონომიიდან გამომდინარე, მოზარდობის პერიოდი არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მედიაწიგნიერების სწავლებისთვის. საქართველოში მედიაწიგნიერების არჩევითი საგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, X-XI კლასებში ისწავლება.
საგულისხმოა, რომ ეს მნიშვნელოვანი შედეგები 2022 წელს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ძალისხმევით დაწყებული „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის დამსახურებაა. სწორედ ამ ძალისხმევის შედეგად, 2025 წლისთვის საქართველოში იმ სკოლების რაოდენობა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე არჩევით საგნად ისწავლება, 300-მდე გაიზარდა, ხოლო სკოლების 90%-ზე მეტი რეგიონის სკოლებს წარმოადგენენ.
პროექტის საწყის ეტაპზე, სკოლებში ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო. სპეციალურად შემუშავებული რესურსების გამოყენებით, მედიაწიგნიერების სწავლებაში ამ ეტაპისთვის 2,600 მასწავლებელია გადამზადებული. სწორედ ComCom-ის ძალისხმევით, მედიაწიგნიერება შეტანილია ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული არჩევითი საგნების ნუსხაში.
„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი X-XI კლასების მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას და I სემესტრის განმავლობაში, მათთვის მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების საგნის სწავლებით სულ უფრო მეტი სკოლის დაინტერესება და ახალგაზრდების მედიაწიგნიერ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, ერთ-ერთი პრიორიტეტია.
კვლევის სანახავად ეწვიეთ ბმულს : https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000396030.