ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის (WCO) 180-ზე მეტ წევრ ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
2026 წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღის სლოგანია - ,,საბაჟო - საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე“.
მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ასევე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა.
საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, იან სონდერსის ვიდეო მილოცვა მოისმინეს.
სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატები გადაეცა საბაჟო დეპარტამენტის 20 მებაჟე ოფიცერს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე, WCO-ს მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატი გადაეცა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.
შემოსავლების სამსახური თითოეულ მებაჟე ოფიცერს და მსოფლიო საბაჟო საზოგადოებას ულოცავს პროფესიულ დღეს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE-ის მასშტაბური პროექტი - DIGITECH იწყება
26.01.2026.17:21
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ Erasmus+ CBHE-ის პროექტის DIGITECH-ის ოფიციალურ გახსნასა და პირველ საერთაშორისო ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა. პროექტი მიმართულია მაღალტექნოლოგიური ცოდნისა და მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და დიდ მონაცემთა გამოყენებისა და მათი ინტეგრირებისკენ უმაღლესი ტექნიკური განათლების პროცესში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი პილოტირება დაგეგმილია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც განხორციელდება ახალი სასწავლო კურსების სასწავლო პროცესში ინტეგრირება, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება და ახალი ლაბორატორიის აღჭურვა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ღონისძიებას, რომელშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ყირგიზეთის, სომხეთის, სლოვენიისა და გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესსექტორის წამრომადგენლები მონაწილეობდნენ, ოშის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა (OshTU - ბიშკეკი, ყირგიზეთი) უმასპინძლა.
სტუ-ის კანცლერისა და პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორის თქმით, პირველმა სამუშაო შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა სამწლიან საერთაშორისო ინიციატივას - „ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიგიტალიზაციაში“ (DIGITECH), რომლის მთავარი მიზანია „ინდუსტრია 4.0“-ის მოთხოვნებთან დაკავშირებული უნარების დეფიციტის შემცირება და თანამედროვე სამრეწველო განათლების სისტემის ჩამოყალიბება. პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, პროექტი ორიენტირებულია ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე ტექნოლოგიურ პროცესებსა და საწარმოო სისტემებში, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების პროგრამების მოდერნიზებას, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას. როგორც სტუ-ის კანცლერი აცხადებს, DIGITECH-ის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სამრეწველო განათლების გარდაქმნას, თანამედროვე ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიულ სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც ფლობენ ინდუსტრია 4.0-ის ძირითად ტექნოლოგიებს, მათ შორის წარმოების დიგიტალიზაციას, ავტომატიზაციას, მონაცემთა ანალიზსა და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის კონკურენტუნარიანობასა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
„საერთაშორისო თანამშრომლობისა და ცოდნის სტრუქტურირებული გაცვლის გზით, DIGITECH-ი ქმნის მდგრად საგანმანათლებლო ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების შესაბამისობას სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების პოტენციალს და გააძლიერებს აკადემიური სექტორისა და ინდუსტრიის თანამშრომლობას, რითაც ხელს შეუწყობს ყირგიზეთის, სომხეთისა და საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ამ კონტექსტში, საერთაშორისო პროექტი DIGITECH-ი, მიზნობრივად პასუხობს რეგიონის ერთ-ერთ კრიტიკულ გამოწვევას - საუნივერსიტეტო პროგრამებსა და შრომის ბაზრის სწრაფად მზარდ მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის შემცირებას“, - აცხადებს პროექტის კოორდინატორი პროფესორი კარლო კოპალიანი.
Erasmus+ CBHE-ის მასშტაბური პროექტ DIGITECH-ის ერთ-ერთ საკვანძო ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენს კონსორციუმში შემავალ უნივერსიტეტებში „ციფრული ტყუპების“ (Digital Twins) ტექნოლოგიური ლაბორატორიების დაარსება, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო ეკოსისტემების ინსტიტუციურ გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ინოვაციური სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას და აკადემიური ცოდნის ინდუსტრიულ პრაქტიკაში ინტეგრაციის დააჩქარებას. ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ERASMUS+ CBHE საერთაშორისო კონკურსის შედეგების მიხედვით, საქართველოდან გამარჯვებული 5 პროექტიდან სამი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილოებით ხორციელდება. მათ შორის ერთმა პროექტმა გაიმარჯვა კოორდინატორის რანგში (პროექტი ERIC-GE), ხოლო დანარჩენმა ორმა - პარტნიორი ორგანიზაციის რანგში.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოდან კონსორციუმის ხელმძღვანელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე პროფესორი მარიამ რაზმაძე, პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორია სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ხოლო მენეჯერი - სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი ბორის გითოლენდია.