ფილარმონიის განახლება იწყება
„Starring Georgia“ ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციისა და ტექნიკური განახლების პროცესს იწყებს. ეს გადაწყვეტილება შენობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
უკვე წლებია, საკონცერტო დარბაზი მოძველებულია, ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია და არ შეესაბამება თანამედროვე საკონცერტო სივრცისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. თბილისის მთავარ საკონცერტო დარბაზს არ აქვს რესურსი, მაღალი სტანდარტით უმასპინძლოს ღონისძიებებს და არსებული გამოწვევების ფონზე, შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ დედაქალაქს დაუბრუნდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მთავარი საკონცერტო სივრცე, რომელიც კვლავ შეასრულებს თბილისის მთავარი კულტურული ცენტრის ფუნქციას.
შენობის განახლება მისი ფუნქციური დანიშნულების არსებით გაფართოებას გულისხმობს. კულტურული ძეგლის სტატუსის გათვალისწინებით, შენობის ავთენტური იერსახე შენარჩუნდება და ამასთანავე გარემონტდება შიდა სივრცე, ტექნიკური მხარე კი, სრულად მოდერნიზდება. ფილარმონია აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, მაღალი ხარისხის ხმისა და განათების სისტემებით, რაც საშუალებას მოგვცემს, უმასპინძლოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ღონისძიებებს.
პროექტის მიზანია, ფილარმონია იქცეს თანამედროვე ხელოვნების აქსელერატორად, რომელიც ქალაქის კულტურული ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს. შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში განთავსდება: ხმის ჩამწერი სტუდია, სახელოსნო — სცენის მხატვრებისთვის, სკოლა — კრეატიული ინდუსტრიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ექსპერიმენტული სცენა, სოციალური სივრცე და ფილარმონიის მუზეუმი.
პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში გასართობი ინდუსტრიის განვითარებას. ეს დაეხმარება არტისტებს თვითრეალიზაციასა და პროფესიულ ზრდაში, გაზრდის ქვეყანაში შემოქმედებით მრავალფეროვნებას და შექმნის პლატფორმას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ღონისძიებისთვის.
ამავდროულად, ფილარმონიის კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მისი ისტორიის ახალი თაობებისთვის გადასაცემად, იწყება პროექტი – „ფილარმონია დროის კადრები“, რომლის ფარგლებშიც, უკვე მიმდინარეობს შენობაში შემორჩენილი ღირებული აუდიო, ვიდეო, ფოტო და დოკუმენტური მასალების აღრიცხვა და გაციფრულება. ამგვარად, პროექტის ფარგლებში, შენარჩუნდება მნიშვნელოვანი ისტორიული მეხსიერება და გაძლიერდება ახალგაზრდა თაობის ემოციური კავშირი ფილარმონიასთან – იმ კულტურულ სიმბოლოსთან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მუსიკალური ცხოვრების მთავარ კულტურულ ჰაბს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ფილარმონიის შენობა „Starring Georgia-ს“ ეკოსისტემის ნაწილი 2024 წლიდან გახდა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ინკლუზიური გარემოს შექმნა და ხელმისაწვდომობის გაზრდა არსებულ სერვისებსა თუ სივრცეებზე. განახლებული ფილარმონია ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
უკვე 3 წელია, რაც „Starring Georgia“ წარმატებით ფუნქციონირებს. ამ გუნდმა ქვეყანაში ისტორიული პრეცედენტები შექმნა და საქართველო მსოფლიო გასართობის ინდუსტრიის რუკაზე გააჩინა. ამ დროის განმავლობაში, მათ მიერ ორგანიზებულ კონცერტებს 200 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ქვეყანაში ჩამოვიდა 40 000-ზე მეტი უცხოელი ტურისტი, საქართველომ კი, უმასპინძლა ისეთ მსოფლიო დონის არტისტებს, როგორებიცაა: Guns N' Roses, Bruno Mars, Imagine Dragons, Justin Timberlake, Scorpions, The Killers და სხვები.
სხვა სიახლეები
19.09.2025.13:00
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასთან ერთად, ქვეყანაში იზრდება მოთხოვნა სპორტულ ინფრასტრუქტურაზეც. სწორედ ეს ტენდენცია გახდა ახალი ფონდის დაარსების მთავარი მოტივაცია.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდის“ - ასე ჰქვია ახლად დაფუძნებულ ფონდს, რომელმაც უკვე გააერთიანა სპორტსმენები, ბიზნესმენები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სპორტული ინფრასტრუქტურის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდის დირექტორმა ირაკლი მხეიძემ განაცხადა, ფონდის შექმნის ინიციატორები იყვნენ ქართველი ბიზნესმენები: ლაშა კვაჭაძე, ბეჟან სამხარაძე და დავით უგრელიძე.
„მადლობა მათ კიდევ ერთხელ ამ კეთილი წამოწყებისთვის. ახლა კი ფონდის შექმნის მოტივაციაზე: ეს გახლავთ ბოლო წლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ზრდასთან ერთად გაზრდილი მოთხოვნა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე. ასევე ხაზგასასმელია ჩვენი სპორტსმენების ბოლო დროინდელი შთამბეჭდავი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე, რაც გახდა დიდი მოტივაცია. ამაში ჩართული იყო ახალგაზრდა თაობა და მოქცეულ იყო ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, დაკავებულიყვნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით. რაც დამეთანხმებით საჭიროებს მუდმივ განვითარებას და მეტ მხარდაჭერას. ასევე აღსანიშნავია სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა, ზოგადად სპორტის და ჩვენი სპორტსმენების მიმართ. მაგალითად ბატონო პრემიერის მიერ დაანონსებული 2 მლრდ-იანი პროგრამა სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, რაც გულისხმობს მრავალფუნქციური კომპლექსების, მეტი სპორტული სივრცის და ძალიან მასშტაბური 70 ათას კაცზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობას ქალაქ თბილისში, სადაც იგეგმება რომ უმასპინძლებს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს. ვთანხმდებით რაოდენ დიდი მოვლენაა ეს ჩვენი ქვეყნისთვის, სწორედ ეს ყველაფერი გახდა ჩვენთვის მოტივაცია დაგვეწესებინა და შეგვექმნა სრულიად გამჭვირვალე პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ქართული სპორტის პროგრესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ პირებს“, - აღნიშნა ირაკლი მხეიძემ.