ეროვნულმა ბანკმა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის 2025-2027 წლების სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი შეიმუშავა
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების, საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განვითარებისა და მომხმარებლებზე მორგებული გარემოს დახვეწის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა.
სტრატეგიის მიღება ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ასევე, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტურ დაგეგმვასა და სამომავლო აქტივობებზე ფინანსური ორგანიზაციების ინფორმირებულობის ზრდას.
დოკუმენტი განსაზღვრავს საბაზრო ქცევის ზედამხედველობის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს, ასევე, შეფასების ინდიკატორებსა და მათი მონიტორინგის პროცესს.
იმისათვის, რომ სტრატეგიაში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული დაინტერესებულ მხარეთა ინტერესები, საქართველოს ეროვნული ბანკი საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიის პირველად ვერსიას აქვეყნებს. სებ-ი ჩართულ მხარეებს აქტიური კომუნიკაციისა და სტრატეგიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისკენ მოუწოდებს.
კომენტარებისა და მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე - mcs@nbg.gov.ge არაუგვიანეს 2025 წლის 4 ივლისისა. განიხილება მხოლოდ წესით განსაზღვრული ფორმით წარმოდგენილი და დასაბუთებული კომენტარები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გიორგი მაღალაშვილს 95-ე დაბადების დღეს ულოცავს
23.02.2026.14:44
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსს, საქართველოს ირაკლი ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ სამეცნიერო მრჩეველს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ევროპისა და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს დამსახურებულ გეოლოგს, ღირსების ორდენისა და სტუ-ის ოქროს მედლის კავალერს, კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემიის ლაურეატს, სასარგებლო წიაღისეულის ოთხი საბადოს პირველაღმომჩენს, პროფესორ გიორგი მაღალაშვილს 95 წლის იუბილეს ულოცავს.
„პროფესორ გიორგი მაღალაშვილის მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა გამორჩეულია როგორც მასშტაბით, ისე მნიშვნელობით. მისი კვლევები, ფუნდამენტური შრომები და პრაქტიკული საქმიანობა ფასდაუდებელია ქართული გეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. ბატონი გიორგის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორ გიორგი მაღალაშვილის ღვაწლი ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. მის მიერ აღზრდილი არაერთი სტუდენტი და მკვლევარი დღეს წარმატებით აგრძელებს საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პროფესორ გიორგი მაღალაშვილის 95 წელი ღირსეული და ნაყოფიერი ცხოვრებისეული გზაა, რომელიც მთლიანად უკავშირდება სამშობლოს, მის ოჯახს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მეცნიერებასა და მომავალი თაობების აღზრდას.
მრავალჟამიერ, ბატონო გიორგი!“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.
გიორგი მაღალაშვილი 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 4 ახალი სამეცნიერო ნოვაციის, 4 გამოგონების, ოცამდე სხვადასხვა დანიშნულების გეოლოგიური რუკის, 3 გეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდის დამუშავების ავტორია. მას 40-ზე მეტი სამეცნიერო ფორუმში აქვს მონაწილეობა მიღებული.