ეროვნულმა ბანკმა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის 2025-2027 წლების სტრატეგია დაამტკიცა
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების, საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განვითარებისა და მომხმარებლებზე მორგებული გარემოს დახვეწის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია დაამტკიცა.
სტრატეგიის მიღება ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ასევე, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტურ დაგეგმვასა და სამომავლო აქტივობებზე ფინანსური ორგანიზაციების ინფორმირებულობის ზრდას.
დოკუმენტი განსაზღვრავს საბაზრო ქცევის ზედამხედველობის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს, ასევე, შეფასების ინდიკატორებსა და მათი მონიტორინგის პროცესს.
კერძოდ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გაძლიერდება პრინციპებზე დაფუძნებული ზედამხედველობა, რაც ფინანსური ორგანიზაციების მიერ არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პასიური პროცესის ნაცვლად, არსებული თუ მოსალოდნელი რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი საზედამხედველო ქმედებების გამოყენებით მათი მიტიგაციისთვის საჭირო პრაქტიკული გზების დასახვას გულისხმობს.
მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაციის შედეგად, განხორციელდება თემატური შემოწმებები, რაც უფრო ნათლად წარმოაჩენს სექტორში არსებულ გამოწვევებსა და გასაუმჯობესებელ საკითხებს.
ამასთან, მომხმარებლებზე მორგებული მდგრადი და ჯანსაღი გარემოს განვითარების მიზნით, არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს მიღმა, შემუშავდება შესაბამისი გზამკვლევები და რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.
გარდა აღნიშნულისა, მეტი ყურადღება დაეთმობა მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული მიდგომების ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან მათ დანერგვას.
საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიის დოკუმენტი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ განახლდება. მოხდება განსაზღვრული პრიორიტეტების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში, აქტუალური გამოწვევების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებებიც განხორციელდება.
სხვა სიახლეები
01.08.2025.16:34
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებით დაასრულა სენაკისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ სენაკში 46, ხოლო ხონში 39 სემინარი ჩატარდა, რომელთა ფარგლებშიც ჯამში 1200-ზე მეტი პირი გადამზადდა. შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარებმა ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ აიმაღლეს ცნობიერება და გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამამ", რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან საქართველოს რეგიონებში უწყვეტად ახორციელებს, უკვე 17 მუნიციპალიტეტის 247 სოფელი და დასახლებული პუნქტი მოიცვა. პროგრამის ფარგლებში კი 9000-მდე ბენეფიციარია გადამზადებული.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.