ეროვნულმა ბანკმა ბუღალტერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფულის გათეთრების პრევენციის თემაზე ტრენინგი გამართა
საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბუღალტერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტრენინგი თემაზე: „ფულის გათეთრების პრევენცია ბუღალტრულ პრაქტიკაში: AML მიდგომები და რისკის მართვის სტრატეგიები“ გაიმართა.
ტრენინგის მიზანი იყო ბუღალტრული და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიმართულებით.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და „ბუღალტერთა კავშირის“ დირექტორი ტატიანა ბერიძე ესწრებოდნენ.
ეკატერინე გალდავამ დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოვა და აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკში თემატური სწავლებისა და ინფორმაციის გაზიარების გარდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინტენსიურ კომუნიკაციას საფინანსო სექტორის წარმომდგენლებთან.
„საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განსაკუთრებული როლი ენიჭება პრევენციული საზედამხედველო ზომების განხორციელებას, რაც საზედამხედველო მოლოდინების შესახებ საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა სისტემატურ ინფორმირებასა და მათი შესაბამისობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად ავითარებს თავის რეგულატორულ და საზედამხედველო ჩარჩოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც FATF საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობა, ასევე, AML/CFT რისკების ეფექტური მართვის კულტურის მდგრადი განვითარება“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
ტატიანა ბერიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ფინანსურ გამჭვირვალეობაზე, სანდო ანგარიშგებასა და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებაზე. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მხარდაჭერა და ძალისხმევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორის პარტნიორობა არის ფინანსური გამჭვირვალობის მთავარი საყრდენი.
„ბუღალტრები პირველ რიგში ვართ ფინანსური უსაფრთხოების მცველები — ადამიანები, რომლებიც უნდა ამოვიცნოთ რისკები, დავიცვათ სტანდარტები და ხელი შევუწყოთ ფინანსურ სისტემაში ნდობის გაძლიერებას. ეს არამხოლოდ იურიდიული მოთხოვნა არამედ ჩვენი პროფესიის ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნა ტატიანა ბერიძემ.
ტრენინგს: „ფულის გათეთრების პრევენცია ბუღალტრულ პრაქტიკაში: AML მიდგომები და რისკის მართვის სტრატეგიები“ - ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაპუნა შენგელაია უძღვებოდა.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკისა და პროფესიულ გაერთიანება „ბუღალტერთა კავშირის“ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა, სებ-სა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა.
ბუღალტერთა საერთაშორისო ორგანიზაციამ პროფესიული დღე პირველად 53 წლის წინ აღნიშნა, 1976 წლიდან კი 10 ნოემბერი ბუღალტრის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.
სხვა სიახლეები
სემეკის რეგულაციების შესაბამისად, “ საქართველოს მელიორაციამ“ 2025-2026 წლის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი გამოაქვეყნა
11.11.2025.12:08
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციების შესაბამისად, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ 2025-2026 წლის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი გამოაქვეყნა: https://bit.ly/4hoQuT3
გამოქვეყნებულ პროექტზე არსებული წინადადებებისა და შენიშვნების საჯარო განხილვის შემდეგ, შპს “საქართველოს მელიორაცია” საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმს 2026 წლის პირველ თებერვლამდე დაამტკიცებს.
სემეკი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული რეჟიმის განხილვის პროცესში, ვინაიდან სწორედ დამტკიცებული რეჟიმის შესაბამისად განხორციელდება საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდება.
„წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://bit.ly/4fokNHJ