ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გოგუაძემ სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
Singapore FinTech Festival 2025 გლობალური ფინანსური ეკოსისტემისთვის გარდამტეხი პროცესების მიმოხილვასა და მომავლის ფინანსური არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე მსჯელობას დაეთმო. პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა აკადემიური კვლევები და პოლიტიკის შემქმნელთა ხედვები განიხილეს.
ფესტივალის ფარგლებში სებ-ის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ცენტრალური ბანკისა თუ საზედამხედველო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, მათ შორის გერმანიის ფინანსურ ფედერალურ სამსახურთან - BaFin, ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან, ომანის ცენტრალურ ბანკთან, ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა) ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის კომისიასთან - BCSC, ჩეხეთის რეგულირების სენდბოქსთან და სხვა.
„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეგულატორებთან გამართული შეხვედრები მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას და ქვეყნის მარეგულირებელი ჩარჩოს დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ვირტუალური აქტივების სფეროში არსებული გამოწვევების გაანალიზებას სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო უწყებების კოლეგებთან, რათა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების და პასუხისმგებლიანი ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა", - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც მრავალდიაპაზონიანი დისკუსიები ქმნის საფუძველს მომავალი ათწლეულის ფინანსური და მონეტარული სისტემის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისთვის.
სხვა სიახლეები
საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე, ეს რიცხვი გარკვეული ზომების მიღებას გვავალდებულებს - ალექსანდრე დარახველიძე
19.11.2025.18:02
სამწუხაროდ, საქართველოში გზებზე დაშავების და გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალ ნიშნულზეა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მისი თქმით, ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავებას სიჩქარის გადაჭარბება იწვევს.
„ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, 100 ათასს მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე. ეს მაშინ, როცა ევროპული საუკეთესო მაჩვენებელია 2-3 ადამიანი, ყველაზე მაღალია 7 ადამიანი, რომელიც რუმინეთში ფიქსირდება, საქართველოში კი ეს მაჩვენებელია 11-ია. ეს ის რიცხვია, რაც გვავალდებულებს, გარკვეული ზომები მივიღოთ.
2024 წელს ავარიების შედეგად 7 587 დაშავების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 444 ადამიანი. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 6 041 ადამიანია დაშავებული, გარდაიცვალა 345 ადამიანი. ავარიების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის ცხრათვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი – 637 ერთეულით. 373 ერთეულით არის გაზრდილი ავარიების რაოდენობა. ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავებას სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბებაზე მილიონ-ნახევარზე მეტი ჯარიმა დაიწერა. სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი საერთო სამართალდარღვევის ჭრილში 41.96%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა დარახველიძემ.