ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის სკოლების დირექტორებს შეხვდნენ
სემეკის მიერ დაარსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. ქუთაისის სკოლების ხელმძღვანელ პირებსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ მონაწილეებს გააცნო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზნები და მნიშვნელობა. პროექტის ექსპერტმა, თემურ თორდინავამ ისაუბრა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს პროექტი „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“. პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე, ამასთანავე მონაწილეებს მიეწოდებათ სიღრმისეული ინფორმაცია წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან.
პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.
სხვა სიახლეები
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
02.01.2026.18:48
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და განხორციელდება ცალმხრივ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ამავე საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.