ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის ეტაპობრივად აღდგება, - აცხადებენ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამსახურში.
მათივე განცხადებით, ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონის“ ავარიული გათიშვის გამო, საქართველოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და ამ დროისთვის დაზიანება აღდგენილია. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები ეტაპობრივად შეძლებენ აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.