მარიამ ქვრივიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა - რა განიხილეს
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივ სავაჭრო - ეკონომიკურ თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს ავიაბაზარზე ბრიტანული ავიაკომპანიების - „ბრიტანული ავიახაზებისა“ და „იზიჯეტის“ შემოსვლა ისტორიული გადაწყვეტილება იყო, რომელმაც ახალი ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. „ჩვენ ორივე ბრიტანულ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით დავიწყეთ გაერთიანებულ სამეფოში მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები. ისინი ხელს შეუწყობენ საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ზრდას ბრიტანეთში, რაც დადებითად აისახება ამ ქვეყნიდან ტურისტული ვიზიტების დინამიკაზე,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ რეისები თბილისა და ლონდონს შორის დაახლოებით 90 - პროცენტიანი დატვირთვით სრულდება, მგზავრთა დიდი ნაწილი კი გაერთიანებული სამეფოდანაა, რაც აძლიერებს ტურიზმის დივერსიფიკაციის სამთავრობო პოლიტიკას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ პირდაპირი ფრენები ლონდონთან, ტურიზმის გარდა, ეკონომიკის სხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეუწყობს ხელს, რადგან როგორც საქართველოს, ისე ბრიტანეთის ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოხატული იყო დიდი მოლოდინი და ინტერესი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, თბილისი - ლონდონის პირდაპირი რეისით დაკავშირებამ ასევე აამოქმედა დამატებითი სატრანზიტო ხაზი აშშ-ს მიმართულებით.
სხვა სიახლეები
სებ-ის ახალი წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა - ნინო ჯელაძე
10.03.2026.18:10
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ახალ წესზე ისაუბრა.
ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი შეიმუშავა, რომელიც სტაბილქოინის პირველად შეთავაზებას აწესრიგებს. რეგულაცია მიზნად ისახავს როგორც არსებული რეგულაციების შეფასებას, ისე სამომავლო რისკების განსაზღვრას, რაც მათ შორის ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მომხმარებლების უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.
„ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერების მიმართულებით. ამ მიზნით შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების ე.წ. სტაბილქოინის პირველადი შეთავაზების წესი. უპირველეს ყოვლისა, წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება ახალი წესის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივები 100%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარეზერვო აქტივებით, რომლებიც მაღალ ლიკვიდურობასა და რეიტინგს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამასთან, გამოშვების პროცესი სრულად გამჭვირვალეა, რაც შეთავაზების დოკუმენტით იწყება და გარე აუდიტორების შემოწმებით გრძელდება, რათა საზოგადოებას ემიტენტების, რეზერვებისა და რისკების მართვის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდოს.
ნინო ჯელაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „რეგულირების პროცესში ეროვნული ბანკი ისეთ საერთაშორისო პრაქტიკებს დაეყრდნო, როგორებიცაა ევროკავშირის, ამერიკის, სინგაპურის და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი რეგულაციები ვირტუალური აქტივების სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვირტუალური აქტივების რეგულირების და საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, - აცხადებს ნინო ჯელაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას.