დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს
თბილისის მერია თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც ადგილზე მყოფმა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მუნიციპალიტეტი განაახლებს მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან, რათა კორპუსის ყველა მცხოვრებისგან მიიღოს სრული თანხმობა ავარიული შენობის დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით.
„გამგეობას დავალებული აქვს, რომ კიდევ ერთხელ, თითოეულ ოჯახთან განახორციელონ კომუნიკაცია. პირველ ეტაპზე, უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული ოჯახი გავიყვანოთ სასტუმროში, დავაბინაოთ, რათა მათი უსაფრთხოება იქნას სრულად დაცული. განვაახლებთ ისევ მოლაპარაკებებს, რათა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა ავიღოთ, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ამ კორპუსის დემონტაჟი და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ამ ეტაპზე, დიდუბის რაიონის გამგეობას დაზარალებული მოსახლეობა სასტუმრო „იბერიალსა“ და სასტუმრო „აფაში“ გადაჰყავს. ამასთან, გამგეობა აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სხვა სასტუმროების მოძიებასაც დაზარალებულთა დასაბინავებლად.
სხვა სიახლეები
15.07.2025.12:38
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემსაქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს გენერალური პროკურორის ახალი მოადგილე, გიგა ძნელაძე წარუდგინა.
გიგა ძნელაძეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
გიგა ძნელაძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2007 წელს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად დაიწყო; იყო სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი; თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე; გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილე; საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ახალ მოადგილესთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პროკურატურის გეგმებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.