დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტებზე მხილებულია პირთა ჯგუფი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის - „დანერგე მომავალი“ ხუთი ბენეფიციარის და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ოთხი პირი ამხილეს, რომელთაგან სამი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებმა, ზემოხსენებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სააგენტოსგან მიიღეს 1 049 230 ლარის დაფინანსება ვაშლის და ნუშის ნერგების შესაძენად. ხსენებული თანხა, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებმა, მათი თანამონაწილეობის თანხასთან - 700 758 ლართან ერთად, გადაურიცხეს ბრალდებულების მფლობელობაში არსებულ კომპანიას, რომელსაც უნდა განეხორციელებინა აღნიშნული ნერგების იმპორტირება, განსაზღვრულ მიწის ნაკვეთებზე ჭაბურღილის მოწყობა, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა და ბაღების გაშენება, თუმცა კომპანიის დირექტორმა და მისმა ორმა თანამშრომელმა მოახდინეს მხოლოდ 617 205 ლარის ღირებულების ნუშის ნერგების იმპორტი, ხოლო დანარჩენი 1 132 783 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. ამასთან, ბრალდებულებმა ერთ-ერთ აუდიტორს დაამზადებინეს ოთხი ერთეული ყალბი აუდიტორული დასკვნა ჭაბურღილის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც წარადგინეს სოფლის განვითარების სააგენტოში, მიღებული თანხების მიზნობრივად გამოყენების დასადასტურებლად.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავამ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
11.03.2026.15:06
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ციფრული აქტივების ბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის-Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
Bybit მსოფლიოს 240-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და რეგულატორულ ავტორიზაციებს სხვადასხვა რეგიონში ფლობს, მათ შორის, ევროკავშირის MiCAR-ის ჩარჩოში. Bybit საქართველოში ოპერირებას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისისა (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერების (PSP) ლიცენზიების საფუძველზე იწყებს.
ღონისძიების გახსნისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეებს Bybit-ის ქართულ ბაზარზე საქმიანობის ოფიციალურად დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოწინავე გლობალური კომპანიის ქვეყანაში შემოსვლა საქართველოს საფინანსო სექტორის დინამიურ განვითარებას ადასტურებს.
„მისასალმებელია, რომ ციფრული აქტივების მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bybit ქართულ ბაზარზე შემოვიდა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვა დაიწყო. მსგავსი გლობალური კომპანიის ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საფინანსო სექტორი დინამიურად ვითარდება და სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო კომპანიებისა და ინვესტორებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკისთვის ახალი მოთამაშეების შემოსვლა და კონკურენციის ზრდა პრიორიტეტულია, რაც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და სერვისების ხელმისაწვდომობას განაპირობებს. ამასთან, მან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. ეროვნულ ბანკს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებზე სრული ზედამხედველობის უფლებამოსილება გააჩნია. აღნიშნული ჩარჩო სექტორის სათანადო რეგულირებას უზრუნველყოფს, რაც ბაზრის გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსურ ტექნოლოგიებში რეგიონულ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბდა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირს გააძლიერებს.
სიტყვით გამოსვლისას Bybit-ის CEO-მ და თანადამფუძნებელმა ბენ ჟოუმ კომპანიის საქართველოთი დაინტერესების შესახებ ისაუბრა.
„სასიხარულოა, რომ საქართველო კრიპტოადაპტაციის განვითარების მხრივ მაღალ დონეზეა, სტეიბლკოინების ადაპტაციისა და რეგულატორული ჩარჩოების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია. ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც სხვა რეგიონებში ვაწყდებით, საბანკო წესები და რეგულაციური შეზღუდვებია. საქართველოს ეროვნული ბანკი პროაქტიურია და ეს ძალიან კარგია ინდუსტრიის განვითარებისთვის. აუცილებელია იმის დანახვა, რომ ეროვნული ბანკი ამ ინოვაციურ პროცესს ხელმძღვანელობს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება", - განაცხადა ბენ ჟოუმ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია - „საქართველოს ციფრული ფინანსური ეკოსისტემის მომავალი", რომელშიც მონაწილეობდნენ Bybit-ის CEO და თანადამფუძნებელი ბენ ჟოუ, Bybit Georgia-ის დირექტორი შოთა ლომთაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე, Pave Bank-ის თანადამფუძნებელი და CEO სალიმ დჰანანი და Tether-ის გლობალური გაფართოების და სტრატეგიული პარტნიორობების ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაგო.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საერთაშორისო პარტნიორები და ბიზნეს სექტორისა წარმომადგენლები.