დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს - აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საფუძველზე ურბანულად სწორად ვითარდება. აღნიშნულის თაობაზე მან გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა და ურბანულ პოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.
„ძირითადად, ოპონენტების მხრიდან მოდის საუბარი ამასთან დაკავშირებით. არანაირი მტკიცებულება, ფაქტი, რომ რამე არასწორად კეთდება, არ არსებობს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო გენერალური გეგმის მიღება - დოკუმენტის, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს და ხდება ქალაქის ურბანული განვითარება. სანამ გენერალურ გეგმაზე მიდიოდა მუშაობა, გვქონდა გარკვეული შენიშვნები, გვახსოვს, რა დღეში იყვნენ ოპონენტები, რა ამბავში იყვნენ, როდესაც ამ შენიშვნებზე ვსაუბრობდით და ღიად ვამბობდით, რომ რაღაცები უნდა შეცვლილიყო. გარკვეული ბრძოლის, უამრავი შეურაცხყოფის შემდეგ, მაინც მოვახერხეთ, რომ გენერალური გეგმა გაკეთილშობილებულიყო. მივიღეთ ისეთი გეგმა, რომლითაც ხდება ქალაქის სწორი ურბანული განვითარება და არა ქაოსური“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა არაერთი გასხვისებული ტერიტორია დაიბრუნა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნაცვლად, მათ ადგილას რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები მოაწყო.
„ხომ გახსოვთ, სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცეები სხვისდებოდა იმისთვის, რომ იქ კორპუსები აეშენებინათ. ვაკის პარკში ცხრასართულიანი კორპუსის აშენება ჰქონდათ დაგეგმილი, რომ არ დაგვებრუნებინა ეს ტერიტორია. რამდენიმე კვირის წინ გავხსენით „ავაზას“ სტადიონი, რომელიც გასხვისებული იყო იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ. ასეთი უამრავი ფაქტი, მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.13:24
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში წარსდგა.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა SWIFT-ის საერთაშორისოკონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში სებ-ის პრეზიდენტი გამოდის.
ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას ფინანსური სერვისების სფეროში ინოვაციების დანერგვის კუთხით საქართველოს გამოცდილებასა და ხედვებზე ისაუბრა.
სებ-ის პრეზიდენტმა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება შუა დერეფნის გასწვრივ, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას, რაც შედეგად ქვეყანას ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და ლოგისტიკის ბუნებრივ ხიდად აქცევს.
„რეგიონის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები იზიარებენ ერთსა და იმავე მიდგომას, რომ რეგიონული ინტეგრაცია გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. გვჯერა, რომ შუა დერეფანში მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობით ფინანსური მომსახურების განვითარება შეიძლება იყოს გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ფრაგმენტაციისსაპირწონე პროცესი იყოს", - აღნიშნა მან.
ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და რეგიონულ ფინანსური ინტეგრაციის ინიციატივებს გაუსვა ხაზი, რომლებიც მიზნად ისახავს ფინანსური მომსახურების ინფრასტრუქტურის, მათ შორის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. გარდა ამისა სებ-ს ოფიციალური განაცხადი აქვს გაკეთებული საქართველოს ერთიან ევროგადახდების სივრცეში (SEPA) წევრობაზე.
„SEPA-ში წევრობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან სარგებელს მოიტანს, რადგან ის ევროკავშირთან გადახდის უფრო ეფექტურ სისტემებს უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი სავაჭრო კავშირებისა და ორივე მიმართულებით ტრანზაქციების მოცულობის ზრდის გათვალისწინებით. რადგან შუა დერეფანი ვაჭრობასა და ტრანსპორტში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, საქართველოს SEPA-ში ჩართვა გაზრდის რეგიონულ ფინანსურ კავშირებს. ეს საქართველოს შუა დერეფნის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საზღვრისპირა ტრანზაქციების კარიბჭედ წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას" - განაცხადა მან.
ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა გლობალური სავაჭრო და ფინანსური ნაკადების ფრაგმენტაციაზე, რაც საფრთხეს უქმნის ზრდას, ფინანსურ დაკავშირებადობას და გლობალურ ეკონომიკას ახალ გაურკვევლობას მატებს. სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს და მის პარტნიორებს შეუძლიათ რეგიონალური გამოწვევები საერთო შესაძლებლობებად აქციონ ინოვაციური, უსაფრთხო და ინკლუზიური ფინანსური ეკოსისტემების შექმნით.
„ეს ძალისხმევა არა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი რეგიონის უნარს, გაუძლოს გარე შოკებს, არამედ ხელს შეუწყობს გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
SIBOS-ის ყოველწლიური მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, SWIFT-ის მიერ არის ორგანიზებული და აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, კონფერენციაზე სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ხაზარაძესთან და საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროს ნატალია ჭყოიძესთან ერთად იმყოფება.