დღეს, როდესაც პატრიარქის ცხოვრებას ვიხსენებთ, ვხედავთ არამხოლოდ სასულიერო იერარქს, არამედ მოაზროვნე ლიდერს, რომელმაც შეძლო ეპოქის გამოწვევებზე ღირსეული პასუხის გაცემა - ნოდარ ბოკერია
„მინდა, პატივი მივაგო გამორჩეულ სულიერ ლიდერს, მწყემსმთავარს ილია II-ს. მისი სახელი განუყოფელია თანამედროვე საქართველოს სულიერი, კულტურული და სახელმწიფოებრივი აღორძინების ისტორიიდან“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა, უმრავლესობის წევრმა, ნოდარ ბოკერიამ გააკეთა.
ნოდარ ბოკერიამ უწმინდესის მიერ განვლილი გზა გაიხსენა და განაცხადა, რომ 1977 წელს, როდესაც ილია II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა, ქვეყანა უმძიმეს ისტორიულ პერიოდს გადიოდა. დეპუტატის თქმით, სწორედ ჩვენმა პატრიარქმა პრაგმატული ნაბიჯებით დიდი როლი ითამაშა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენაში. ნოდარ ბოკერიას განცხადებით, დიდი იყო პატრიარქის როლი საზოგადოებრივი დაპირისპირებების განმუხტვაშიც.
„ჩვენი პატრიარქი აქტიურად უწყობდა ხელს ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებას. განსაკუთრებით ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის ფორმირების პროცესში იყო. ილია მეორის სიტყვა ხშირად მუხტავდა საზოგადოებრივ დაპირისპირებებს და განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი როლი 1990-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების დროს, როდესაც ის მუდმივად ქადაგებდა მშვიდობას, ერთიანობას და პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ ილია მეორის მოღვაწეობას უკავშირდება ასობით ტაძრის მშენებლობა, სასულიერო განათლების განახლება და სასულიერო პირთა რიცხვის გაზრდა. დღეს, როდესაც მის ცხოვრებას ვიხსენებთ, ვხედავთ არამხოლოდ სასულიერო იერარქს, არამედ მოაზროვნე ლიდერს, რომელმაც შეძლო ეპოქის გამოწვევებზე ღირსეული პასუხის გაცემა. დაე, მისი ხსოვნა იყოს არამხოლოდ პატივისცემის საგანი, არამედ ვალდებულება გავაგრძელოთ იმ ღირებულებების დაცვა, რომლებსაც ის ემსახურებოდა - ეს არის რწმენა, ერთიანობა, ჰუმანიზმი და სამშობლოს სიყვარული“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრი JP Morgan-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
24.03.2026.18:08
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა JP Morgan-ის მმართველ დირექტორ სტეფან უაილერს და კომპანიის წარმომადგენლებს.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. საუბარი, ასევე, შეეხო სახაზინო ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმების დასახვას.
ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.