დედაქალაქი „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება
დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება იქნება გათვალისწინებული.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს „თბილისობა“ 20-21 სექტებერს გაიმართება, ღონისძიების მთავარი ლოკაციები კი რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება.
„რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოსულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ორივე ლოკაციაზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში, ასევე, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დაგხვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა - „თბილისური მრავალფეროვნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, „თბილისობის“ ერთ-ერთი გამორჩეული საღამო - თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.
„მინდა, დაგპატიჟოთ ყველა - დიდი თუ პატარა ამ ლამაზი დღეების აღსანიშნავად. ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. გელოდებით, ერთად ჩავერთოთ სახალხო ზეიმის ფერხულში და ერთად ვეზიაროთ თბილისურ მრავალფეროვნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
17.09.2025.15:40
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ბათუმის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა და აეროპორტის გაფართოების ახალ პროექტსაც გაეცნო.
ბათუმის აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავდა კრიტიკულ ზონებში, 1 კმ-ის მონაკვეთზე ხელოვნური საფარის კაპიტალურ განახლებას, ასევე გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა, რაც აეროდრომს ერთდროულად 9 საშუალო ზომის თვითმფრინავისა და 1 ვერტმფრენის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია მგზავრთა დახვედრისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონების გაფართოება, ასევე ტერმინალის შესასვლელის დამატებითი ფართის მოწყობა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას TAV Georgia-ს ბათუმში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილ და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 25 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს გათვალისწინებული.
„ბათუმი და მთლიანად აჭარა საქართველოს მზარდი საკურორტო მიმართულებაა. 2025 წლის ბოლოსთვის, პირველად ისტორიაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიური მგზავრთნაკადი რეკორდულ მაჩვენებელს - 1,2 მლნ-ს გადააჭარბებს. 2025 წლის 8 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 840,893 მგზავრს მოემსახურა, რაც 32%-ით აღემატება, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ასევე გაიზარდა ფრენების სიხშირე 45 პროცენტით. ამჟამად, ბათუმის აეროპორტში ფრენებს ახორციელებს 22 ავიაკომპანია 24 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 160 სიხშირით. ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით აღნიშნული აეროპორტის ინფრასტრუქტურა საჭიროებს გამტარუნარიანობის გაზრდასა და გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს აქვს," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს TAV Georgia - სთან, რათა ბათუმის აეროპორტმა განაგრძოს მდგრადად და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია TAV Georgia - მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამართულად ფუნქციონირებისთვის ასევე დამატებითი ტექნიკა შეიძინა.