„დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka, Parliament და Gray Goose ამზადებდნენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.
„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
სხვა სიახლეები
გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
18.02.2026.13:13
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.