დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მონიტორინგის სისტემების განთავსება მიმდინარეობს
აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტებმა სპეციალური სისტემების (ხაფანგების) განთავსება დაიწყეს. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესი დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
„მავნებლის გარკვეული რაოდენობის დაფიქსირებისთანავე დაიწყება კონტროლის ღონისძიებები. დასავლეთ საქართველოში მობილიზებული სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით, ტერიტორიები ცივი შესხურებით და თერმული ნისლის მეთოდებით დამუშავდება. აღნიშნული პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - აღნიშნა ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.
მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 8000-მდე სპეციალური ხაფანგის განთავსება; მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შექმნილია მონაცემთა ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე. ღონისძიებები, მუნიციპალიტეტების მიხედვით, მონიტორინგის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იგეგმება.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.