დანაპირები, რომ დიდი აქცენტი გაკეთებოდა განათლებაზე და სასწავლო კურსებზე, უკვე რეალიზებულია - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აერთიანებს მოქმედ 6 000-მდე წევრს. აქედან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, თბილისშია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია, რიცხოვნობის კუთხით, სხვადასხვა რეგიონშიც, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილი განაცხადა.
მისი თქმით, ადვოკატთა პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პასუხისმგებლობით გამორჩეული სფეროა და ქვეყანაში რეგისტრირებულ ადვოკატთა რაოდენობა უკვე 11 300-ს აჭარბებს, ხოლო აქტიურად პრაქტიკას დაახლოებით 6 000 იურისტი ახორციელებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს როგორც პროფესიის მნიშვნელობას, ისე მის ფარგლებში ხელმძღვანელი პოზიციის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას.
„ადვოკატის პროფესია მართლაც ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი პროფესიაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა პროფესიის პატივისცემის გათვალისწინებით. უპირველესად, აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნა გარდა დიდი პატივისა დიდი პასუხისმგებლობაა. რეგისტრირებულ ადვოკატთა რაოდენობამ 11 300-ს გადააჭარბა. აქედან მოქმედი დაახლოებით 6 000-მდე ადვოკატია, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ ეს დიდი პროფესიაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ამ პროფესიის და, ამ პროფესიის ჭრილში, თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა ვუთხრა ყველა კოლეგას, ვინც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და არა აქვს მნიშვნელობა ვის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ხშირად ვუსვამ ხაზს - ამ არჩევნების შედეგად არავინ არ არის დამარცხებული ან გამარჯვებული. ჩვენ ყველანი ერთი დიდი საადვოკატო ოჯახის წევრები და შვილები ვართ და ფუნქციონალურადაც ყველანი ერთ მიზანს, ძლიერი საადვოკატო პროფესიის შექმნას და გამყარებას ვემსახურებით. აღსანიშნავია, რომ იყო ყველაზე ტრანსპარენტული, გამჭვირვალე არჩევნები. ეს არის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში ჩვენს პროფესიაში, როცა თავმჯდომარის არჩევნები სასამართლო გარჩევამდე და საჩივრებამდე არ მისულა. ეს სწორედ იმის ნიშანია, რომ არცერთ კანდიდატს - თავმჯდომარეობის ექვს კანდიდატს და 120-ზე მეტ კანდიდატს სხვადასხვა რგოლში - არ მოგვეცა საფუძველი, გვედავა არც გამჭვირვალობის და არც ხელმისაწვდომობის ნაწილში ასოციაციის იმ ეტაპის ადმინისტრაციასთან, რომელმაც ეს არჩევნები ჩაატარა“, - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.
მისივე თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში ადვოკატები საჭიროებების უზრუნველყოფასა და ინტერესების დაცვაზე არიან ორიენტირებული და განსაზღვრული აქვთ როგორც 2026 წლის, ისე მომდევნო ოთხწლიანი პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პრინციპი, რომელიც, მაგალითად, მე ყოველთვის მქონდა არა მხოლოდ წინასაარჩევნო მიზნებისთვის, არამედ ზოგადად - როგორც განცდა, მიდგომა და შეხედულება - მქონდა, მაქვს და მექნება, არის ის, რომ პროფესიული გაერთიანების თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის არის ამ ერთიანი ოჯახის, თანასწორთა შორის თანასწორი ოჯახის წევრი, და ორგანიზაციამ სწორედ ეს წინაპირობები უნდა შექმნას. ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით.
მეორე, რაც უნდა აღინიშნოს, თავმჯდომარე თითოეული ადვოკატის გვერდით და მხარდამხარ, და თითოეული ადვოკატი - თავმჯდომარესთან ერთად - აი, ამ პრინციპით უნდა იმართებოდეს ეს ორგანიზაცია, და ამ პრინციპის დანერგვა ყოველდღიურად უკვე ხდება.
მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის რეგიონალური ჩართულობა, იყოს ძალიან აქტიური. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აერთიანებს მოქმედ 6 000-მდე წევრს, აქედან თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი ნაწილი რა თქმა უნდა თბილისშია, თუმცა არანაკლებ ნაწილია რიცხოვნობის კუთხით სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ გვაქვს წარმომადგენლობითი ოფისები აჭარის რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთის რეგიონში, კახეთში და თითოეულ რეგიონში საკმაოდ სოლიდურია წარმომადგენლობა ადვოკატების. ჩვენ თითოეული ამ რეგიონში მოქმედი ადვოკატების ჩართულობას უზრუნველვყოფთ. მე თამამად შემიძლია გითხრათ, მათ შორის ერთ-ერთი დანაპირები იყო, რომ თავმჯდომარე იქნება ყოველ სამ თვეში ერთხელ თითოეულ რეგიონში. უკვე გავლილ 100 დღეში ორჯერ მომიწია ქუთაისში ყოფნა, აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა და ქვემო ქართლი მოვიარე ერთხელ უკვე და ხელმეორე ჯერზე ვართ უკვე - გუშინ კიდევ ერთხელ ვიყავი გორში. მაისში ჩვენ ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი ისევ არის დაგეგმილი, რომ თითოეულ წევრთან ხელმძღვანელს უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ რეგიონალურ დონეზე ჩართულობა იყოს ძალიან აქტიური“, - აღნიშნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
ის ასევე ადვოკატთა ასოციაცია პროფესიული განათლების გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს. ირაკლი ყანდაშვილის თქმით, ადვოკატებისთვის უწყვეტი იურიდიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, რის ფარგლებში ყოველთვიურად ათობით სასწავლო ღონისძიება ტარდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით გაცემული დაპირებები უკვე შესრულების ეტაპზეა - ორგანიზაციამ გაამარტივა სასწავლო პროგრამებზე წვდომა, მოხსნა რეგისტრაციის სავალდებულოობა და დანერგა დისტანციური ჩართულობის შესაძლებლობა, რათა ადვოკატებს უწყვეტი განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ხელახლა დავაინიცირეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა „ბენჩ-ბარი“ - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
სხვა სიახლეები
მომხმარებელს უნდა ვუთხრათ, რომ ადვოკატი ყოველთვის გამოიყენონ, რათა მან მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბიზნესს თუ ფიზიკურ პირს იმაში, რომ დავა არ წარმოიშვას - ირაკლი ყანდაშვილი
22.04.2026.21:08
ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საზოგადოების ინფორმირება და ადვოკატის როლის სწორად წარმოჩენა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილი განაცხადა, ადვოკატის მომსახურება მხოლოდ კრიზისულ ან სამართლებრივ ჩიხურ სიტუაციებში არ არის საჭირო და მისი ჩართულობა მნიშვნელოვნად წინასწარ, პრევენციულ ეტაპზეც მნიშვნელოვანია.
„მთავარი ერთ-ერთი მიმართულება ნამდვილად არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებასა და მომხმარებელს ძალიან სწორი გზავნილი მივაწოდოთ და ვუთხრათ - თუ არ იციან, უნდა იცოდნენ, და მე დარწმუნებული ვარ, ყველამ იცის, უბრალოდ ყოველთვის კარგად უნდა შევახსენოთ, რომ ადვოკატი მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როდესაც გარკვეული სამართლებრივი ჩიხური სიტუაციაა.
ადვოკატი არის ყოველდღიურ მოხმარებაში ჩასართავი. ხშირად მესმის ხოლმე, რომ „კულტურა არ არის“. კულტურა არის და ძალიან დიდი კულტურაც არსებობს ბევრი მიმართულებით ჩვენს იურისდიქციასა და საზოგადოებაში. უბრალოდ, შესაძლოა, ფინანსური ნაწილი არ უწყობდეს ხელს, რაც მოხმარების დეფიციტს განაპირობებს. დიპლომატიურად, რომ ვთქვათ მომხმარებელს უნდა ვუთხრათ, რომ ადვოკატი ყოველთვის უნდა გამოიყენონ, რათა მან უზრუნველყოს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბიზნესს თუ ფიზიკურ პირს იმაში, რომ დავა არ წარმოიშვას. მოხდეს პრევენცია და პრობლემა თავიდან იქნას აცილებული. ხოლო თუ დავა მაინც წარმოიშვება, რა თქმა უნდა, ადვოკატი ყოველთვის მის გვერდით იქნება, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პროფესიული გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ორგანიზაციაა და მას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასოციაციის პოზიციონირებას, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ადვოკატის პროფესიის საზოგადოებრივი მნიშვნელობა და მისი როლი მოქალაქეების მხარდაჭერაში.
როგორც იგი აღნიშნავს, ბოლო სამი თვის განმავლობაში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარებისა და პრო ბონო ფორუმები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას და პროფესიის საზოგადოებრივ სარგებელზე ხაზგასმას.
„უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ქვეყნის მასშტაბით ერთ კონკრეტულ რეგიონში, განხორციელდეს პრო ბონო აქტივობა. ანუ ეს იქნება განგრძობადი და ადვოკატის პროფესიის ჩართულობას საზოგადოებისთვის იურიდიული კონსულტაციის მიმართულებით უწყვეტი ხასიათი ექნება, აბსოლუტურად უსასყიდლოდ. ეს კიდევ ერთხელ არის დიდი გზავნილი იმისა, რომ ეს პროფესია სოციუმის გვერდით არის და ყოველთვის იქნება.
სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ჩვენ ძალიან კარგი ტრადიცია დავნერგეთ და აბსოლუტურად საკუთარი ხარჯებით პროფესიული გაერთიანების წევრები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა მხარდაჭერის ინიციატივაში. გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ბავშვთა სახლს დავეხმარეთ, ხოლო წინა კვირას - ხანდაზმულთა სახლს. ამ მიმართულებითაც, პროფესიის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებით, საზოგადოებაში ჩართულობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაც ადვოკატის პროფესიის პოზიციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.