დამქირავებელი ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ - შემოსავლების სამსახური
მიმდინარე წლის ივლისის თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სამშენებლო სექტორში 589 მეწარმე სუბიექტი გადაამოწმეს, საიდანაც 147 მეწარმე სუბიექტი არასრულყოფილად აწარმოებდა „დაქირავებულ პირთა რეესტრს“. კერძოდ, რეესტრში ასახვის გარეშე დასაქმებულები ჰყავდათ 566 პირი. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სამართალდამრღვევ პირებს შეეფარდათ სანქცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
„შემოსავლების სამსახური ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შეახსენებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოშობს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების რისკებს და მოუწოდებს დაქირავებულ პირთან შრომითი კონტრაქტის გაფორმებისთანავე, კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინონ მათი ასახვა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“.
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, უწყების მიერ ,,დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.07.2025.12:16
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ურბანული და წყლის მართვის სექტორის ხელმძღვანელს, დრაზენ კუცენს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრიორიტეტებზე, რაც ქვეყანას აქვს კლიმატის პოლიტიკისა და ქვეყნის ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების მიმართულებით.
„საქართველო აქტიურად აგრძელებს რეფორმებს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. ამ პროცესში, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ინვესტიციების მობილიზება, ინსტიტუციური კოორდინაციის გაძლიერება და საერთაშორისო მიდგომების დანერგვა. ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია გარემოს დაცვისა და კლიმატის მიმართულებით გრძელვადიანი და ქმედითი პოლიტიკის დაგეგმვა და რეალიზება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის, აქტიურად ითანამშრომლოს AIIB-ის ექსპერტებთან, რათა შევიმუშაოთ პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც იქნება მოქმედების რეალური გზამკვლევი ქვეყნის მწვანე ტრანსფორმაციისთვის“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
მხარეებმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს გარემოს დაცვის სექტორში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობების, ნიადაგისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის პროექტების განვითარების საკითხებს.
„ამ ეტაპზე ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ ძირითად მიმართულებებზე, როგორებიცაა ენერგოეფექტურობის პროგრამები, სანაპირო ზოლის მდგრადობა, ჭკვიანი სოფლის მეურნეობა და მდგრადი ირიგაცია, ასევე მიწისა და სატყეო რესურსების მართვა. ეს მიმართულებები წარმოადგენს საკვანძო სფეროებს კლიმატური პოლიტიკის ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ერთად განვსაზღვროთ, რამდენად თანხვედრაშია აღნიშნული სფეროები ჩვენს საერთო დღის წესრიგთან“, - განაცხადა დრაზენ კუცენმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ელენე ღუბიანური და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.