დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, თქვენ იყავით ერის მთავარი საყრდენი - გვასწავლეთ, რომ დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია l პრეზიდენტი პატრიარქზე
დღეს აქ, ამ დიდებულ ტაძარში, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრივი აღორძინების, ერის სიმტკიცისა და მარადიულობის სიმბოლოა, საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის უკვდავი სულის წინაშე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ილია II-მ ასწავლა ქართველებს, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია.
„დღეს ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“.
თქვენო უწმინდესობავ, თქვენმა მოღვაწეობამ ქართველი ადამიანის ერისკაცული მოვალეობა და მისი სულიერი მისია ერთ მთლიანობად შეკრა.
სწორედ ამ გზამ განსაზღვრა ჩვენი ეროვნული სახე და დაგვანახა, როგორ უნდა ვეზიაროთ უფალთან მიახლოების მადლს.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, თქვენ იყავით ერის მთავარი საყრდენი. როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო და კვლავ არის ერის გამაერთიანებელი.
„განუზომელია თქვენი ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. თქვენ დაგვაბრუნეთ ჩვენს ისტორიულ ფესვებთან და დაგვარწმუნეთ, რომ ქართველობა არ არის მხოლოდ წარსული დიდება, ის ცოცხალი, მარადიული სულიერი ენერგიაა.
თქვენ იყავით და კვალავ ბრძანდებით ერის გამაერთიანებელი, ჩვენი ერთიანობის უდრეკი მცველი. ეს ძალა დღეს, თქვენი გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით. ამ მდუმარე რიგებში, ამ სევდიან მზერაში კრთის ის უხილავი, ღვთიური ძაფი, რომელიც თქვენმა სიყვარულმა ჩვენ შორის გააბა.
„პატრიარქის საქართველო“, ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში.
თქვენი ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება - სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს.
თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სხვა სიახლეები
დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სულიერ შვილებად - ბიძინა ივანიშვილი
22.03.2026.16:18
ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი, ან დიდი სიხარული აერთიანებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, საქართველოს თითოეული შვილი, მთელი სისავსით გრძნობს, რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ილია მეორე ტოვებს, ვინაიდან, ქვეყანა ემშვიდობება ეპოქას, რომელსაც მისი სახელი ერქვა.
„დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას - მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ მდუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ... ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა.
დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სულიერ შვილებად, შვილებად - მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს - ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა.
უწმინდესო და უნეტარესო - დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის...
ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.