დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის ივნისიდან დაიწყებს
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია - ნორვეჯიანი (Norwegian) შემოდის. სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყებს.
Norwegian კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება.
ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წარმატებულ საავიაციო პოლიტიკას, მათ შორის ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მზარდ დინამიკას და ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.
სკანდინავიის ქვეყნები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია ავიაციისა და ტურიზმის სექტორების განვითარების პროცესში. თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაზრდის ამ მიმართულებით დაკავშირებადობას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საქართველოში მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.
სხვა სიახლეები
პირველად ისტორიაში, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განხორციელდება - ლევან მოსეშვილი
20.11.2025.13:30
სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია, ნორვეჯიანი - Norwegian საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Norwegian-თან პროაქტიული მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.
,,საქართველოს ავიაბაზარზე მნიშვნელოვანი სიახლეა. ჩვენს ქვეყანაში შემოდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული გადამზიდავი. ნორვეგიის ავიახაზები, სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია, 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყებს ოპერირებას კოპენჰაგენი–თბილისი-კოპენჰაგენის პირდაპირ მიმართულებაზე.
27 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, პირველად ისტორიაში, ჩვენს დედაქალაქებს შორის განხორციელდება პირდაპირი რეგულარული რეისები. ეს გადაწყვეტილება გაამყარებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ კავშირებს საქართველოსა და სკანდინავიას შორის.
მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარი იზრდება, ავიაკომპანიების მრავალფეროვნებასთან ერთად და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ევროპელი მგზავრებისთვის,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
2024 წელს დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი გზით 32,384 მგზავრმა ისარგებლა. ჯამურად კი, სკანდინავიის ქვეყნებიდან 2024 წელს საქართველოს 22,552 ვიზიტორი ეწვია.
სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian 1993 წლიდან ოპერირებს და მგზავრთა გადაყვანის მიხედვით, ევროპაში სიდიდით მეოთხე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. Norwegian 2021 წელს Skytrax-ის მიხედვით, ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა.