ComCom-ის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების (GITI) რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების გახსნით ნაწილში, ეკატერინე იმედაძე სიტყვით წარსდგა და ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, როგორც მომავლის ეკონომიკის წარმატების წინაპირობაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მან ComCom-ის როლიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც დარგის დამოუკიდებელი მარეგულირებლისთვის, ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. კერძოდ, ეკატერინემ ყურადღება გაამახვილა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნასა და ინოვაციური სატელეკომუნიკაციო მოდელების დანერგვაზე, რაც, მისი თქმით, ქვეყანაში მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
გახსნითი ნაწილის შემდგომ, გაიმართა პანელური სესია ქვეყნის ეროვნული ციფრული ეკოსისტემის განვითარების შესახებ, სადაც მონაწილეობა ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ მიიღო. სესიის ფარგლებში, მან საქართველოსთვის ციფრული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილა: „ციფრული ეკონომიკის განვითარების, ქვეყნის ციფრული პოტენციალის გახსნის და ამ თვალსაზრისით, მოწინავე გლობალური პოზიციის დამკვიდრებისთვის, ვფიქრობ, რომ სატელეკომუნიკაციო სექტორს აქვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი როლი, რადგან სწორედ ტელეკომის ინფრასტრუქტურაზე უნდა გაიაროს ციფრულმა მომსახურებებმა. კომუნიკაციების კომისია თავის პრიორიტეტებში სწორედ ამ ამოცანას ისახავს. ჰარმონიზებული და გახსნილი სარეგულაციო გარემო, ინოვაციური და ხელმისაწვდომი სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, ასევე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვების გამჭვირვალე და სამართლიანი პირობები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ევროპა აზიის დამაკავშირებელ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ჰაბად ჩამოყალიბებას."- აღნიშნა ComCom-ის წევრმა.
ღონისძიების ფარგლებში, ბიზნეს პროცესის პროცედურული გამარტივების შესახებ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მიზნით, ჩატარდა მეორე პანელური სესიაც, სადაც ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, სანდრო ქარუმიძე მონაწილეობდა. თავის სიტყვაში, სანდრო ქარუმიძემ საქართველოში 5G ინტერნეტის განვითარების პერსპექტივები და ასევე, ის სამუშაოები მიმოიხილა, რომლებიც ComCom-მა ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის დანერგვის მიმართულებით განახორციელა.
შეხვედრა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების როლის წარმოჩენას, დაინტერესებული მხარეების დაკავშირებას, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. ღონისძიება საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
სხვა სიახლეები
საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გაიხსნა
06.03.2026.19:04
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას და ADB-ს ქვეყნისა და მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც ძალიან ხელშესახები შედეგები მოაქვს. დიდი ხანია, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ყველაზე სანდო, მნიშვნელოვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორია და მისი საქმიანობა საქართველოში სრულად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებს. ვაფასებთ ბანკის წვლილს სხვადასხვა დარგის განვითარებაში. ბანკის მოქმედი საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, რაც მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ხმარდება. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის მთელს გუნდს და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლესლი ბეარმან ლაჰმს, რომლის პირადი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მზარდ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.
„ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა. აზიის განვითარების ბანკის კომიტეტმა ბოლო სხდომაზე 1 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფა განსაზღვრა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორების განვითარებისთვის, რაც ინვესტიციების გზით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ერთად მივაღწიეთ წინსვლას მასშტაბური პროექტების მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების გაძლიერებით, დარგობრივი და ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობით და ხალხში ინვესტირებით. ბევრად ადრე, ვიდრე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას მივიღებდით, მიზნად დავისახეთ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი პარტნიორობა ძლიერ საფუძველს ემყარება, რაც მოიცავს საერთო ფასეულობებს და ერთობლივ ძალისხმევას ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მასატო კანდამ.
აზიის განვითარების ბანკს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ADB-ის მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი ტრანსფორმაციული პროექტი განხორციელდა.
„აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაბამისად იზრდება. მატულობს ბანკის საინვესტიციო პორტფელიც. მომდევნო წელს ჩვენი თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და მთელ ამ პერიოდში აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ტრანსფორმაციული პროექტები საქართველოში სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ჯამში მათი მოცულობა 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში ინვესტიციებს. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. აზიის განვითარების ბანკთან გვაკავშირებს 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგია, რომელშიც გაწერილია საქართველოს მთავრობის საშუალო და გრძელვადიანი ინიციატივები. ძალიან ინტენსიური და ამბიციური თანამშრომლობის დღის წესრიგი გვაქვს და გვახარებს ის ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ჩვენს გვერდით იქნება. პროექტები, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ, ნამდვილად ცვლის ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.