ComCom-ის თავმჯდომარეობით საქართველოში პირველად ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს 71-ე შეხვედრა ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მას შემდეგ, რაც გასულ წელს საქართველო ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (EAO) აღმასრულებელი საბჭოს 2024 წლის თავმჯდომარე გახდა, თბილისში EAO-ს სამუშაო შეხვედრა - „ბაზრის კონკურენტუნარიანობა - გავლენა ინდუსტრიასა და მცირე ქვეყნების მარეგულირებლებზე" გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით კომუნიკაციების კომისიის წევრმა და EAO-ს აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს წარმომადგენელმა, ივანე მახარაძემ გახსნა და საქართველოში არსებული აუდიოვიზუალური სექტორის მდგომარეობა და სექტორის ძირითადი მოთამაშეების როლი შეაფასა. აუდიტორიას სიტყვით ასევე მიმართა ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სიუზან ნიკოლჩევმა, რომელმაც შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის გახსნის შემდეგ, ობსერვატორიის ბაზრის ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჟილ ფონტენმა, აუდიტორიას აუდიოვიზუალური ბაზრის ძირითადი ტენდენციები, კონტენტის წარმოებაზე არსებული გავლენები, ასევე, ბაზრის მოთამაშეების რეაგირების მაგალითები და ამ პროცესში, ხელოვნური ინტელექტის როლი გააცნო. შემდეგი პრეზენტაციით ობსერვატორიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სოფი ვალე წარსდგა, რომელმაც აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივის დანერგვის თაობაზე, ასევე, ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის სტანდარტსა და ამ კუთხით, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელსაც მოდერაცია ComCom-ის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსმა, ლევან მაისურაძემ გაუწია. პანელში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გვიმრაძემ, Cavea+-ის თანადამფუძნებელმა, ოთარ ბუბაშვილმა, შვეიცარიის მედიის ორგანოს (BAKOM) კვლევითი გუნდის ლიდერმა, სემუელ შტუდერმა, ნორვეგიის მედიის ორგანოს (NMA) გენერალურმა დირექტორმა, მარი ველსანდმა და პოლონეთის მაუწყებლობის საბჭოს (KRRiT) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ევა მურავსკა-ნაიმიეცმა. პანელური დისკუსია დაეთმო მედიის ციფრულ პლატფორმებზე გადასვლის პროცესს და მის გავლენას როგორც მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკაზე, ასევე მარეგულირებლებელი ორგანოების საქმიანობაზე. ამასთან, მომხსენებლებმა მონეტიზაციის ახალ შესაძლებლობებსა და საკუთარ გამოცდილებებზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებს სემუელ შტუდერმა წარუდგინა პრეზენტაცია „მცირე ბაზრების რეალობა", რომლის ფარგლებშიც მცირე ქვეყნების აუდიოვიზუალური ბაზრების მდგომარეობა და გამოწვევები მიმოიხილა. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ კი, მომხსენებლებმა მარეგულირებლებისა და კანონმდებლების დილემაზე იმსჯელეს და განიხილეს, თუ როგორაა შესაძლებელი ტრადიციული და ციფრული მედიის თანასწორ პირობებში არსებობა, მიუხედავად მნიშვნელოვანი განსხვავებებისა. დისკუსია ასევე დაეთმო საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვასაც, სადაც საუბარი შეეხებოდა დიდ და მცირე აუდიოვიზუალური კონტენტის შემქმენელებს შორის არსებულ კონკურენციის გამოწვევებს. პანელის დასასრულს, მონაწილეებმა როგორც გლობალურ, ისე მცირე ქვეყნების ჭრილში, ტრადიციული მედია საშულაბების მიერ სოციალური პლატფორმების გამოყენებაზეც იმსჯელეს და მარეგულირებელი ორგანოების ჩართულობის საჭიროებები შეაფასეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია არის ორგანიზაცია, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპაში ფილმის, მაუწყებლობის და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სფეროში არსებული ფაქტებისა და მონაცემების ანალიზს ახორციელებს. ამჟამად ორგანიზაციას 41 წევრი ჰყავს. საქართველო ობსერვატორიის წევრი 2016 წელს გახდა და ორგანიზაციაში ქვეყანას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის ივნისში, ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს მიმდინარე წლის თავმჯდომარე ქვეყანა, სხვადასხვა აქტუალური თემის შესახებ მედია კონფერენციას მართავს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.19:15
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.
„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.